26 ივლისი, 2016

გიორგი მიქაძე YAMAHA-ს პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი გახდა

giorgi-mikadze-yamahaრამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში მოღვაწე უნიკალური და ექსტრაორდინალური ტალანტის მქონე მუსიკოსმა გიორგი მიქაძემ YAMAHA Corporation-თან გააფორმა კონტრაქტი, რითაც YAMAHA-ს პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი გახდა.

დღევანდელი მონაცემებით YAMAHA-ს ჯაზ-არტისტების რიცხვში 40-მდე მსოფლიო რანგის ლეგენდარული მუსიკოსია გაერთიანებული.

მათ შორისაა: ჩიკ კორეა, ტონი ბენეტი, ჯორჯ ვეინი, ჰირომი უეჰარა, ბობ ჯეიმსი, დანილო პერეზი, ჯერი ალენი, ბილი ჩაილდსი, ჯეიმი კალუმი, კეიკო მაცუი და ამიერიდან მათ რიგებს გიორგი მიქაძის სახელიც შეუერთდება.

ქართველი ხელოვანის უდიდეს წარმატებას არამარტო YAMAHA-ს არტისტები, არამედ მსოფლიოს წამყვანი ხელოვანები და გავლენიანი კრიტიკოსები ეხმიანებიან და მას პროფესიონალ, უნიკალურ და უნივერსალურ მუსიკოსს უწოდებენ, რომელიც თითქმის ყველა ჟანრისა და სტილის მუსიკალურ მიმდინარეობას სიღრმისეულად ფლობს და საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებს.

giorgi-mikadze-yamaha2

გიორგი მიქაძე YAMAHA-ს Artist Services დირექტორ ბონი ბერეტთან ერთად

გიორგი მუდიმივად შემოქმედებითი ძიებების პროცესშია და ხშირად გვთავაზობს, ნოვატორულ, უჩვეულო, სრულიად გამორჩეული ჟღერადობის მუსიკას, სადაც ვხვდებით ჯაზის, კლასიკური მუსიკის, ჰიპ-ჰოპის, ელექტრო-აკუსტკური, ფანკის, ფიუჟენის, სოულის, R&B-ის და სხვა თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების ორგანულ სინთეზს ქართულ ფოლკლორთან.

გიორგი მიქაძე ძალიან აქტიური და წარმატებული საშემსრულებლო და საკომპოზიტორო მოღვაწეობის პარალელურად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პროფესიულ აკადემიურ განათლებას, აღსანიშნავია, რომ იგი პირველი ქართველია, რომელმაც ჯაზის მაგისტრის წოდება მიიღო უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე Manhattan School of Music-ში. გიორგი ასევე ფლობს ბაკალავრის 3 ხარისხს: ხელოვნების აკადემიურ ხარისხს კლასიკური ფორტეპიანოს სპეციალობით (თბილისის სახ. კონსერვატორია) და კომპოზიციის და საშემსრულებლო ორმაგ ხარისხს (Berklee College of Music).

გიორგი მიქაძესა და YAMAHA-ს წარმომადგენლებს შორის უკვე დაწყებულია ერთობლივი სამომავლო გეგმების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები და რომლის დეტალებიც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.