4 ივლისი, 2016

“ასეთი თავხედობა ჯერ არ გამიგონია”

1kiknadzeმსახიობი ქეთევან კიკნაძე ზოგიერთ უმსგავსობაზე ღია წერილს აქვეყნებს. რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე გულდაწყვეტილია იმ ქმედებების გამო, რომელსაც ბოლო პერიოდში ადამიანები სჩადიან.

ქეთევან კიკნაძე:

“ღია წერილი ზოგიერთ უმსგავსობაზე.

ხანდახან დამიწერია რაღაც და უცბად პრესის ფურცლებზე მინახავს, ახლა კი ნებას ვაძლევ პრესას გამოაქვეყნოს.

ოზურგეთიდან მივიღე მოსაწვევი ბარათი, მეპატიჟებიან ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალზე. ასეთია რეპერტუარი, სპექტაკლების ჩამონათვალი: მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან ნოდარ დუმბაძისა და გიგა ლორთქიფანიძის “მე ვხედავ მზეს”, შაუმიანის თეატრიდან ნოდარ დუმბაძის და გიგა ლორთქიფანიძის “საბრალდებო დასკვნა”, ბათუმის თეატრიდან “თეთრი ბაირაღები”. რეჟისორი გოგი ქავთარაძე, მხატვარი ბიძინა ქავთარაძე, მუსიკალური გაფორმება გოგი ქავთარაძე. მეტი არაფერი. თურმე პიესა ციდან გადმოვარდა. ასევე ვერსია ნუგზარ გაჩავასი “ნუ გეშინია დედა”, “მზიანი ღამე” და “ღმერთო! რისთვის”, გადაღებული სცენარი ნოდარ დუმბაძის და გიგა ლორთქიფანიძის.

ასეთი თავხედობა ჯერ არ გამიგონია. ახლა მე ვეკითხები მათ, როდის აიღეს ნებართვა ნოდარ დუმბაძისგან?! და ბოლოს, ჩემო ვასიკო ჩიგოგიძე “გამარჯობა ხალხო” ეს ხომ კარასტილოვის პიესაა ანუ “ფიროსმანი”, “მე ბებია ილიკო და ილარიონი” სათაური არ მოგეწონა? თუ რისი მიღწევა გინდათ, არ ვიცი. ეგ დაგვიანებულია, არ გამოგივათ…

გოგი ქავთარაძემ გიგას მთელი რეპერტუარი გადააბრუნა, მისი გონება შორს ვერ მიდის… დადგმული გაგონილი და გაშიფრული გქონდა და მაინც ვერაფერს მიაღწიე… შენ გიგა ლორთქიფანიძეს თავმჯდომარედ კი არა ფეხმჯდომარედ უნდა დაესვი, შენ კაცობა ის გგონია თუ ყველა ქალაქში “ბოვშს” გააკეთებ, შენ ნაშიერს კიდეც უნდა მოუარო. ოთხი წელი პარლამენტში ვეღარ გამოიძინე? ან ვისი ავტორიტეტით მოხვდი მანდ იმაზე გაამახვილე ყური.
შევარცხვინე ისეთი ქვეყანა, სადაც ასეთი უმსგავსობებია და უმსგავსოთა კოლეგიალობა.

საკუთარ წყენას მალე ვივიწყებ, მაგრამ ჩემი მეუღლისადმი და თუნდაც ნოდარისადმი ასეთ მოპყრობაზე თვალი რომ დავხუჭო, ჯერ მე რა ადამიანი ვიქნები…

როდესაც გიგამ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები გაასცენიურა, ნოდარი ხელს არ აწერდა, შენ გააკეთე და შენვე მოაწერე ხელიო. მერე გიგამ უთხრა: რას ამბობ, მე ეს არ შემიძლია, გარდა მაგისა ფულს ვერ მიიღებო… აი, მაშინ კი ცოტა პაუზა გააკეთა ნოდარმა და გაეცინა. ახლა დაასახელეთ მსოფლიოში მწერალი, რომელიც ამას იტყოდა, მაგრამ ვის ვადრი და ვისთან მომყავს ეს მაგალითი…”