10 ივლისი, 2016

“ღმერთო რისთვის?!”

axmetelis-teatri1“ღმერთო რისთვის?!” – ასეთია ახმეტელის თეატრის სპექტაკლის სახელწოდება, რომელიც 11 ივლისს ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

ოზურგეთის თეატრის სცენაზე მზია ტალიაშვილი, ნუგზარ ყურაშვილი და გიგი მიგრიაული ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების გმირებს გააცოცხლებენ.

“ნოდარ დუმბაძე თავისი ჩვეული სევდანარევი იუმორითა და კოლორიტული პერსონაჟებით, რომლებიც დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ გაცოცხლდება ახმეტელის თეატრის სცენაზე.

ბავშვობა, სოფელი, ომი, მაყურებლის თვალწინ თამაშდება ფრაგმენტები ნოდარ დუმბაძის ავტობიოგრაფიიდან – იგი იხსენებს თავის თმაჭაღარა დედას, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების „წყალობით” 12-წლიანი განშორების შემდეგ ხვდება, იგონებს გაუზიარებელ სიყვარულს, რომელმაც ტკივილი მიაყენა, თბილისელ კოლორიტს ვანიჩკა ბიძიას და მეგობრობას ძველ თბილისურ იტალიურ ეზოში…

სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს უდანაშაულო ადამიანების ტრაგედია, რომლებიც ეპოქის და სისტემის მსხვერპლნი ხდებიან… ღმერთო რისთვის? სევდიანი განშორების შემდეგ დგება დრო, როდესაც 20 წლის მიტო დედას ესაუბრება, ის 20 წლისაა არც დიდია და არც პატარა, მაგრამ ცხოვრება კიდევ კარგა ხანს გაუჭირდება…”