28 ივნისი, 2016

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონს იუბილარი სპექტაკლით დახურავს

kukaracha1ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სეზონი იუბილარი სპექტაკლით დაიხურება.

30 ივნისს 19:00 საათზე წარმოდგენილი იქნება „კუკარაჩა“, რომელიც 30 წელია მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზეა.

დიდი რეჟისორისა და პედაგოგის შალვა გაწერელიას მიერ 1986 წელს დადგმული სპექტაკლი 30 წლის მანძილზე ორჯერ – 1992 და 2013 წელს აღადგინეს. ბოლო განახლებული დადგმა რეჟისორ ოთარ ბაღათურიას ეკუთვნის, რომელიც შალვა გაწერელიას დადგმაში მურტალოს როლს ასრულებდა.

დღეისათვის „კუკარაჩა“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარში სამუზეუმო ექსპონატად ქცეული სპექტაკლია, რომელმაც დროს გაუძლო. ეს არის სპექტაკლი, რომელმაც სხვადასხვა თაობის მსახიობები გააერთიანა.

30 ივნისს მაყურებლის წინაშე კვლავ წარდგებიან ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები: ბერტა ხაფავა, სოსო მოლოდინაშვილი, პალიკო ნოზაძე, მარიკა გოგიჩაიშვილი, მერაბ შარიქაძე, თამარ მამულაშვილი, ნათია კუპატაძე, სოსო ხაინდრავა, მაკა ბარდაველიძე, ბადრი გვაზავა, დავით როსტომაშვილი, მაია ჩართოლანი, თამარ ლოლაშვილი, შალვა ანთელავა, ნინო არჩაია, ეკა შარიქაძე, ეკა ხატიაშვილი, გიორგი კაჭახიძე, კახა ჭოლაძე და სხვანი.