სოფიკო ჭიაურელი – ნებიერა გოგოს მშფოთვარე ცხოვრება

sofikos-dab-dge1არსებობენ მსახიობები, რომლებიც ბედისწერამ წარმატებით თავიდანვე დაასაჩუქრა. მათ შორისაა ქართული კინოს და თეატრის ვარსკვლავი სოფიკო ჭიაურელი.

მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის ნებიერა გოგოს საინტერესო, მრავალფეროვანი, მშფოთვარე და შემოქმედებითად მდიდარი ცხოვრება ჰქონდა. მას არ უყვარდა ჟურნალისტებთან შეხვედრები და ინტერვიუები, თუმცა საბედნიეროდ, მომავალ თაობებს შემორჩა მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპები.

მსახიობობის ნიჭი მას ბავშვობიდან აღმოაჩნდა. ხშირად იცვამდა დედას კაბებისა და შლაპებს და წარმოდგენებს მართავდა. დედა აღშფოთებით ამბობდა: რა უნიჭო გოგო მყავს! რა არის ეს? რისთვის მომეზღოო? სამაგიეროდ, მამა იყო აღფრთოვანებული, როგორ ცუდადაც არ უნდა ეთამაშა მის გოგონას, გენიალურიაო, ამბობდა. მიხეილ ჭიაურელი შვილს აღმერთებდა. დედა კრიტიკულად ეპყრობოდა, მაგრამ ერთხელ, როცა მათ სახლში მოსკოვური ბომონდი შეიკრიბა, ვერიკო ანჯაფარიძემ ასეთი სიტყვები წარმოთქვა: “მე ამაზე არასდროს მილაპარაკია, მაგრამ არ შემიძლია, ახლა არ ვთქვა: ჩემი ქალიშვილი გაცილებით უკეთესი მსახიობია, ვიდრე – მე!”

სოფიკო ჭიაურელი არასდროს მალავდა, რომ სძულდა თეატრი, რადგან მის გამო, ყოველთვის ენატრებოდა დედა. ვერიკო ანჯაფარიძეს ბავშვი ყოველთვის თან დაჰყავდა, მაგრამ სოფიკოს დედა სახლში ენატრებოდა. დედას კი სახლში ყოფნისთვის არ ეცალა – სპექტაკლები, რეპეტიციები, კინოგადაღებები…

გიორგი შენგელაია და კოტე მახარაძე – ამ ორ მამაკაცს დაუკავშირა ბედი მსახიობმა. გიორგი შენგელაიასთან ორი ვაჟი ეყოლა – ნიკუშა და სანდრო, კოტე მახარაძესთან კი 30 წელი იცხოვრა. პირად ცხოვრებაზე საუბრისას სოფიკო ჭიაურელი ამბობდა:

“მე და გიორგი ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი დავდიოდით კინოში, მეგობრებთან, სტუმრად. 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით, მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ… პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონი. ადამიანის ბედის დავთარში მისი დაბადებისთანავე იწერება ყველაფერი…”

მსახიობი ღმერთის მადლობელი იყო და იგივეს ასწავლიდა თავის შთამომავლებსაც:

“მაგიდას რომ შემოვუსხდებოდით, ყველას გვეტყოდა, მადლობა უთხარით ღმერთს იმისთვის, რაც გვაქვს, ხალხი მშიერი კვდებაო. რამეზე რომ დავიწყებდით წუწუნს, იტყოდა, ჩუმად, რას ამბობთ, ღმერთმა არ გიწყინოთო. თვითონ სულ მადლობას უხდიდა ღმერთს და მადლიერი იყო.

ერთხელ შორ გზაზე მიდიოდა, გზაში ჯერ სარკე გაკრა მანქანას, შემდეგ უცნაურად მოსრიალდა. გზად შეხვდა ეკლესია, სადაც შევიდა, სანთლები დაანთო, პირჯვარი გადაიწერა და ილოცა, უფალს მფარველობა სთხოვა. გზა რომ გააგრძელა, საბურავი გაუსკდა, გამოუცვალეს, მაგრამ მეორე საბურავიც გაუსკდა. მოხვდა ისეთ ადგილას, სადაც მობილურები საერთოდ აღარ იჭერდა… სახლში რომ დაბრუნდა, თქვა, ეკლესიაში რომ არ შევსულიყავი, რა მოხდებოდა, იმის წარმოდგენაც არ მინდაო. სოფიკო ძლიერი ქალი იყო და ყველაფერს ვაჟკაცურად იტანდა. ხშირად მოუყოლია ისტორიები, რომელთაც სულ ასე ამთავრებდა, ღმერთმა გადამარჩინაო.

სიცოცხლის ბოლოს გრძნობდა თავის აღსასრულს, მაგრამ ჩვენთან ისევ ისეთი ამაყი და ვაჟკაცური იყო. საერთოდ არ დაუწუწუნია, არც თავის მდგომარეობას იყენებდა და არავის აწუხებდა. მომტირალი, მოქვითინე, მუხლებზე დამხობილი სოფიკო არ მინახავს, ის ასეთი არ იყო. თავის ტკივილს და პრობლემებს თავზე არავის ახვევდა. მისი სიცოცხლის ბოლო სამი დღე მარტო ვიყავი მასთან და ვხვდებოდი, რაც ხდებოდა. ვესწრებოდი მის გარდაცვალებას, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ მჯერა. ვიცი, რომ სოფიკო არსად გამქრალა. მისმა გარდაცვალებამ ჩემში ბევრი რამ შეცვალა, ძალიან ბევრ რაღაცას მივხვდი, რომელზეც არასოდეს მიფიქრია. სოფიკოს სიკვდილის არ ეშინოდა, ძალიან ძლიერად წავიდა, ისე, როგორც ნამდვილ დედოფალს შეჰფერის. მერეც ისეთი სახე ჰქონდა, როცა ესვენა, საოცრად ძლიერი, ნამდვილი დედოფლის, რაც იყო, ის ბოლომდე შეინარჩუნა. ჩემთვის სოფიკო ხანგრძლივ გასტროლზეა წასული, საშინლად მენატრება, მაკლია და ისევ ველოდები,” – იხსენებს მსახიობის შვილიშვილი.