9 მაისი, 2016

“საუკუნის მკვლელობა” საქართველოს რეგიონებში გათამაშდება

saukunis-mkvleloba1რეჟისორ გიორგი სავანელის სპექტაკლი “საუკუნის მკვლელობა”, რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დრამატული ვერსიაა, საქართველოს რეგიონებში იქნება წარმოდგენილი.

„ეროვნული იმპერატივი“ იწყებს ახალ პროექტს „თეატრი – საზოგადობის სოციო-კულტურული საზრისის ამაღლებისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე საზოგადობის განვითარებაში კულტურისა და განათლების როლის პრიორიტეტულობის დამკვიდრებას და ხელოვნების ამ მიმართულების პოპულარიზაციას და მისადმი ინტერესის, მოთხოვნილების ზრდას.

პროექტი ითვალისწინებს თეატრალური სპექტაკლების წარმოდგენას იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც არ არის პროფესიული თეატრები და ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია შესაძლებლობას, ეზიაროს ხელოვნების ისეთ უნივერსალურ ჟანრს, როგორიც არის – თეატრი.

პროექტის ფარგლებში წარმოდგენლი იქნება “ეროვნული იმპერატივის” თეატრალური პროექტი, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სარეპერტუარო სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ – ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ უახლესი დრამატული ვერსია, რომელშიც დრამატულადაა გადაჯაჭვული ილია ჭავჭაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხანა, ქვეყნის წინაშე პიროვნების მოვალეობის თემა და ინდივიდის „რეჟიმთან“ ურთიერთობის დიალექტიკა.

სპექტაკლში მონაწილეობენ გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, ქეთევან შერვაშიძე, ასმათ ქურციკიძე, თამარ ლოლაშვილი, თორნიკე ჩიხლაძე, ლაშა ჩხვიმიანი, ვაკო კობერიძე, თამარ ადამია, გიორგი გურული და ცოტნე ხუბუტია. დამდგმელი რეჟისორია გიორგი სავანელი.

სპექტაკლები საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია მაისის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით.

პირველ ეტაპზე, 11 მაისს სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ წარმოდგენილი იქნება სურამში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), ხოლო 13 მაისს ოკუპირებული საზღვრისპირა დასახლება – ტყვიავში (გორის მუნიციპალიტეტი).

– ჩვენი მიზანია თეატრალური ხელოვნების საშუალებით და სპექტაკლის სათქმელიდან გამომდინარე, ხელი შევუწყოთ რეგიონების მოსახლეობის სულიერი და ეროვნულ-საზოგადოებრივი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას! – აცხადებენ “ეროვნულ იმპერატივში”.