Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი მხატვარი რჩეულთა შორისაა

levan-songula1ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმმა და ცნობილმა ბრიტანელმა კონცეპტუალისტმა არტისტმა ჯერემი დელერმა უჩვეულო და ღირსშესანიშნავი პროექტი განახორციელეს, რაც მსოფლიოს წამყვან მედია საშუალებებში მთავარ თემად იქცა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

68 წლის ამერიკელი ვარსკვლავი, როკის ცოცხალი ლეგენდა იგი პოპი, 21 რჩეული მხატვრის წინაშე სრულიად შიშველი წარსდგა, რომლის სხეულიც იმ დღეს ვიზუალური ხელოვნების ქმნილებებად იქცა.

მხატვრებისგან შემდგარი ჯგუფი 19-დან 80 წლის ასაკამდე მხატვრებით დაკომპლექტდა, სადაც ყოველი მათგანი ერთმანეთისგან შემოქმედებითად განსხვავებული იყო. პროექტის ორგანიზატორებს მხატვრებზე რეკომენდაციებს ამერიკის ცნობილი სახელოვნებო უნივერსიტეტების სახელგანთქმული პროფესორები უწევდნენ.

დიდი კონკურენციის ფონზე, ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმის კურატორებმა და ჯერემი დელერმა აშშ-ში მოღვაწე მხატვრებიდან 21 რჩეული არტისტი გამოავლინეს, რომელთა შორის 24 წლის ქართველი მხატვარი ლევან სონღულაშვილიც აღმოჩნდა. ლევანი ქართული საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი ნამუშევარი “მედუზა” სოთბის აუქციონზე სოლიდურ ფასად გაიყიდა.

პროექტის ფარგლებში ლევან სონღულაშვილის მიერ შექმნილი ნამუშევრები ბრუკლინის მუზეუმის წარმომადგენლების, პროექტის ორგანიზატორების, თავად ჯერემი დელერისა და იგი პოპის ყურადღების ცენტრში მოექცა.

ბრუკლინის მუზეუმის კურატორმა და ექსპოზიციებისა და კოლექციების მართვის ვიცე დირექტორმა შერონ მეთ ატკინსმა განმარტა:

“ჩვენთვის დიდი სიამოვნება იყო ლევანთან ერთად ამ პროექტზე მუშაობა. მან განსაკუთრებული ნამუშევრები შექმნა და თავი მაღალპროფესიონალურად წარმოაჩინა.”

ლევან სონღულაშვილის მიერ შექნილი ნამუშევრები უკვე ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმის საკუთრებაშია.

ფართო საზოგადოებას ამერიკელი როკ ვარსკვლავისა და ლევან სონღულაშვილის მიერ შექმნილი ნახატების ხილვის საშუალება დანარჩენ ექსპონატებთან ერთად, ნიუ-იორკში, ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში შემოდგომაზე მიეცემა, სადაც მასშტაბური გამოფენისთვის მზადება მიმდინარეობს.

ორგანიზატორთა განცხადებით, ნიუ-იორკის შემდეგ, აღნიშნული გამოფენა აშშ-ს სხვა ქალაქების მუზეუმებსა და გალერეებშიც იმოგზაურებს.