6 აპრილი, 2016

ირმა სოხაძე: “ოკუპანტს არ უნდა უმღერო!”

irma-soxadze1მომღერალი ირმა სოხაძე ქართველი ხელოვანების მიერ რუსეთში ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებს შეცდომას უწოდებს. მისი აზრით, ოკუპანტს არ უნდა უმღერო.

ირმა სოხაძე:

“რუსული რიტორიკაც ვიცი, იმათი დაპატიჟების მეთოდებიც და ხერხებიც. ალბათ “მგზავრებს” უთხრეს, თქვენ ამ კონცერტით აქ იტყვით თქვენს სათქმელსო.

ამ თემაზე საუბრის უფლება მაქვს, იმიტომ რომ აღარ დავდივარ მოსკოვში. 2008 წლის შემდეგ ერთადერთხელ ჩავედი მალახოვის შოუში, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდევ ვითვლებოდი ვივალდი ორკესტრის სოლისტად და უნდა მემღერა მათ საიუბილეო კონცერტზე. მალახოვმა მიმიწვია და იმასაც ვნანობ, გულწრფელად გეტყვით, იმიტომ რომ არ ღირდა.

“მგზავრების” ბიჭებსაც იგივე მინდა ვუთხრა – არ ღირს ბიჭებო! თქვენ ახლა იქ კარიერას მაინც ვერ გააკეთებთ, თქვენი მუსიკა აბსოლუტურად გაუგებარია რუსულენოვანი მაყურებლისთვის და ისე უყვარხართ საქართველოს მაყურებელს, რომ არ მინდა ეს სიყვარული და ეს მაყურებელი დაკარგოთ! ყველამ უნდა ავწონოთ და დავწონოთ!

მე რომ ვიყავი მოსკოვში, ისეთი ამბავი ატყდა, ყველა ტელევიზია დამიკავშირდა, ყველგან მიწვევდნენ, ყველა მაკრიტიკებდა… იმიტომ არა, რომ კრიტიკის შემეშინდა, იმიტომ რომ მივხვდი, ჩემი ოპონენტები მართლები იყვნენ.

არ შეიძლება ოკუპანტს უმღერო არც 9 მარტს, არც 13 მარტს, არც 9 აპრილს, არც 9 მაისს. თუ ჩავალთ და პროტესტის ნოტით გამოვალთ, ან საპროტესტო ბაირაღს დავიჭერთ, კიდევ გასაგებია.

იქ ჩასვლას ჩემს შეცდომად ვთვლი და ვაღიარებ. მეგონა, რომ იქ შეიძლება ჩახვიდე, გულები გაუთბო, “თბილისო” უმღერო და ატირო… ჩაიკოვსკის დარბაზში ვიმღერე ნარინჯისფერი სიმღერა, ადგა მთელი დარბაზი ფეხზე, ვიმღერე “ქარი კვლავ არხევს”, “ქარავანი” და “თბილისო”. დაინგრა დარბაზი და მეგონა, რომ დიდი პატრიოტული საქმე გავაკეთე, მაგრამ რომ ჩამოვედი და ამ ყველაფერთან დისტანცირება მოვახდინე, მივხვდი, რომ დიდიც არაფერი არ გავაკეთე და ჯობდა არც იმ მალახოვთან არ მივსულიყავი.

მათთვის ჩვენ ვართ რაღაც ეგზოტიკა, რაღაც ხილი, რომელიც ენატრებათ დროდადრო. სინამდვილეში არაფერს ამით ჩვენ არ ვაკეთებთ, შეიძლება ვაფუჭებთ კი.

ასეთი საკითხები ყველამ პირადად უნდა გადაწყვიტოს. ეს გადაწყვეტილება არ არის საზოგადოების გასარჩევი. არ მინდა ქვები ვესროლოთ ამ ბიჭებს… საერთოდ ქვას ისვრის ის, ვინც სულელია ან თავი უცოდველი ჰგონია,” – განაცხადა მომღერალმა ”პრიორიტეტში” სტუმრობისას.