11 აპრილი, 2016

ანზორ ერქომაიშვილი კანონის დაცვას ითხოვს

13ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი კანონის დაცვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს.

როგორც ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, საქმე ეხება ანსამბლის უნიკალურ ჩანაწერებს, რომლებიც ინტერნეტში სხვადასხვა ქართულ და უცხოურ ვებგვერდებზე უკანონოდ არის ატვირთული და იყიდება.

ანზორ ერქომაიშვილი აცხადებს, რომ „რუსთავის“ აუდიო და ვიდეოჩანაწერები ინტერნეტში მათთან შეთანხმების გარეშე ვრცელდება. ნახევარსაუკუნოვანი ანსამბლის ჩანაწერები იყიდება ისეთ პოპულარულ ვებგვერდზეც, როგორიც ამაზონია. ანსამბლის კი ამ გაყიდვებიდან არასოდეს ჰონორარი არ მიუღია.

“რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელის მოთხოვნას იზიარებს საქპატენტი და საავტორო უფლებათა ასოციაცია. ისინი პრობლემის მოგვარებაში უკვე ჩაერთნენ. თუკი ანზორ ერქომაიშვილის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პრობლემა სასამართლოს გზით გადაწყდება.