Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

9 აპრილი ვახუშტი კოტეტიშვილის მოგონებებში

1vaxushti-kotetishvili1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს რუსულ ტანკებს და ალესილ ნიჩბებს უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ.

9 აპრილის მოვლენების უშუალო მონაწილე პოეტი და ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი, ამ ტრაგიკულ დღეს ასე იხსენებდა:

“საქართველო გლოვობს, მერამდენედ გლოვობს უდანაშაულოდ დაღუპულ შვილთა უმანკო სისხლს?

მერამდენედ გაისმის დაგვიანებული ბოდიში უნუგეშო ჭირისუფალთა მიმართ?

ვთქვათ, გაფიცულთა ზოგიერთი ლოზუნგი ნაადრევი და ნაჩქარევი იყო, ხოლო ზოგიერთი კი აშკარად მიუღებელი, მაგრამ რაღა ყოფილა ჩვენი გარდაქმნა, საჯაროობა, შეხედულებათა პლურალიმზი, თუკი ამ განსხვავებულ თვალსაზრისს, თუნდაც მცდარს, მიუღებელს, ისევ და ისევ შეიარაღებულ ძალებს დავუპირისპირებთ და სისხლში ჩავახშობთ?!

ის, რაც თბილისში მოხდა 9 აპრილის განთიადზე, მიმაჩნია, რომ არის გარდაქმნისა და საჯაროობის ზურგში ჩაცემული მახვილი, ყოველგვარი დემოკრატიის დამღუპველი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვაბრუნა “სისხლის წვიმების” დროში, კიდევ ერთხელ გადაუსვა ხაზი იმას, რასაც გულმხურვალედ ვქადაგებთ, მაგრამ ჯიუტად არ ვასრულებთ.

რითიღა უნდა აღვუდგეთ წინ განსხვავებულ აზრს? ისევ ტანკებით? ხელკეტებით? ორპირალესილი ვითომ ნიჩბებით? ფარებითა და ჩაჩქნებით აღჭურვილი სპეციალური რაზმებით?

მე არაფერს ვამუქებ. რასაც ვამბობ, ამ ყველაფრის თვიმხილველი გახლავართ, მოწმე და მონაწილე. მე თვითონ გამოვარიდე მათ წიხლებს აბუზული, შეშინებული პატარა გოგონები და ჩემს სახლში ავიყვანე თავგაპობილი ყმაწვილები. მე მათი სისხლი მეცხო სახეზე, ტანსაცმელზე, ვინაიდან ჩახუტებულნი მიმყავდა დაჭრილები და ალბათ ამიტომ დაირხა ხმა – ვახუშტი კოტეტიშვილი მოკლესო. არა, ხალხო, ცოცხალი ვარ, მაგრამ, ვაი, ასეთ სიცოცხლეს!”