26 მარტი, 2016

მცხეთის არქეოლოგიური ბაზა 1 ლარად გაიყიდა

mcxetis-arqeologiuri-bazaმცხეთაში საპროტესტო აქცია გაიმართა. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა გააპროტესტეს ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება, მის ბაზაზე არსებული მცხეთის არქეოლოგიური ბაზის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გაყიდვა.

აქციის მონაწილეები სპეციალური ბანერებით შეიკრიბნენ და მოწოდებებით “დაუბრუნეთ ბაზა არქეოლოგებს!”, “მცხეთას სჭირდება მუზეუმი!” ხელისუფლებას შექმნილ ვითარებაში დროულად გარკვევა მოსთხოვეს.

კულტურული მემკვიდრეობის დამცველების განცხადებით, არ არის გამორიცხული მეცნიერები, რომლებიც მცხეთა-არმაზის ტერიტორიაზე გათხრებს აწარმოებენ, სამუშაო ადგილის გარეშე დარჩნენ. ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრება უახლეს აღმოჩენებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. საყდრისის დაცვის კომიტეტი მუზეუმის შენობის უქონლობის გამო სარდაფში განთავსებული მცხეთის უნიკალური სამუზეუმო ექსპონატების დროებით და მათთვის შესაფერის თავშესაფარში გადატანას მოითხოვს.

საპროტესტო აქციაში მონაწილეები აცხადებენ, რომ არქეოლოგიური ბაზის ნაცვლად იმ ადგილას სასტუმრო უნდა აშენდეს.