11 მარტი, 2016

გოგი გვახარია: ”ერთ-ერთი თავდამსხმელი სტურუასთან “დიდი არტისტი” გამოვიდა”

1gogi-gvaxariaკინომცოდნე გოგი გვახარია შემთხვევას იხსენებს, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტს უკავშირდება.

გოგი გვახარია:

“დიდი ხნის წინ, თეატრალურ უნივერსიტეტში ლექციას როცა ვკითხულობდი, ერთი ცუდი ამბავი მოხდა. ლექციაზე ცხელოდა და ჩემს სტუდენტს, გიორგი კალატოზიშვილს, რომელიც შესასვლელთან იჯდა, კარის გაღება ვთხოვე. ლექციის დროს აუდიტორიასთან, გარეთ, რამდენიმე ბიჭი მოგროვდა და ხმაურით ხმამაღალი რეპლიკებით შეეცადა ლექციის ჩაშლას. გიორგის ვთხოვე ამჯერად კარი დაეკეტა.

მეორე დღეს გაირკვა რომ ეს ყმაწვილები გარეთ დახვდნენ და საქმე გაურჩიეს, გვახარიას ლექციაზე რატომ ზიხარო. გიორგის უკან არ დაუხევია, რაც იმით დასრულდა რომ დაჭრეს.
გამოგვიძახა მაშინდელმა რექტორმა, გიგა ლორთქიფანიძემ მე და ნათია ამირეჯიბი (გიორგი ნათიას სახელსნოში სწავლობდა), იმ სტუდენტების პედაგოგი მანანა ბერიკაშვილი და გვაცნობა, ყველას ვრიცხავთ უნივერსიტეტიდანო. გიორგი, რა თქმა უნდა, გადავარჩინეთ, ვუთხარით, რომ ჩვენც გავყვებოდით უნივერსიტეტიდან. მაგრამ ეს არაა საინტერესო. გიგა ლორთქიფანიძემ მკითხა, რა მოხდაო, ვუთხარი, გარედან იგინებოდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მე კი მიჩვეული ვარ ამას, მაგრამ გიორგი, ეტყობა, გაბრაზდა-მეთქი. რას ნიშნავს მიჩვეული ვარო, გაუკვირდა გიგას. და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა გიგა ლორთქიფანიძემ სიმართლე თქვა – ჩვენ არ უნდა მივეჩვიოთ შეურაცხყოფასო…

ერთ-ერთი თავდამსხმელი მერე “დიდი არტისტი” გამოვიდა სტურუასთან. დღესაც ხშირად იგინება. ამჯერად ფეისბუკზე იცავს ქართველობას. გიორგის კი არასდროს დავუვიწყებ ვაჟკაცურ საქციელს და ყოველთვის მისი მადლობელი ვიქნები!”