მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი გოდერძი ჩოხელი თავისი შემოქმედებით გამორჩეულია ქართულ ლიტერატურასა და კინემატოგრაფში. საოცარი სევდის მატარებელი ხელოვანის შემოქმედებაც სევდიანია, მისი პერსონაჟები კი – დაუვიწყარი.
“არტინფო” გთავაზობთ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებიდან ამოკრებილ უმთავრეს გზავნილებს, რომლებსაც გოდერძი ჩოხელის “ათი მცნება” ეწოდება.
მცნება პირველი: – ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.
მცნება მეორე: – თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა.
მცნება მესამე: – ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმ წუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი…
მცნება მეოთხე: – ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.
მცნება მეხუთე: – კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის-ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!
მცნება მეექვსე: – დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.
მცნება მეშვიდე: – დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.
მცნება მერვე: – სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…
მცნება მეცხრე: – სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.
მცნება მეათე: – სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.