11 მარტი, 2016

ახალი ბრალდებები ნიკოლოზ რაჭველს

1nikoloz-rachveliსაქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკოლოზ რაჭველს ახალ ბრალდებებს უყენებენ. მუსიკოსს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციის სიზუსტეზე კი პასუხისმგებლობას თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის PR სამსახური იღებს და განცხადებას ავრცელებს:

“ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როგორც თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის PR სამსახური, ვალდებული ვართ დავიცვათ ინფორმაციის სიზუსტე და ამიტომ გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის ნიკოლოზ რაჭველის მიერ თავის FB გვერდზე გავრცელებულ კიდევ ერთ “დეზინფორმაციას” ქალბატონი ლიზა ლეონსკაიას საქართველოში გამართული კონცერტების თაობაზე.

ისევე როგორც რამდენიმე თვის წინ, ლიზა ბათიაშვილის კონცერტთან დაკავშირებით ითქვა, რომ მას არასოდეს არ დაუკრავს თბილისში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, და ეს იყო სიცრუე, რაც დაბრალდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტების “ტექნიკურ შეცდომას”, ასევე ახლაც, ქალბატონი ლიზა ლეონსკაიას 21 მარტს დაგეგმილი კონცერტის გაპიარების მიზნით, რაჭველი აცხადებს, რომ მას 11 წლის ასაკის შემდეგ, როდესაც პირველად დაუკრა საქართველოს სახელმწიფო ორკესტრთან ერთად, აღარ დაუკრავს თბილისში სიმფონიური კონცერტი, რადგან ცხოვრობს ავსტრიაში, და ახლა, თითქმის 60 წლის პაუზის შემდეგ ისევ გამოვა ამ ორკესტრთან.

სანამ ეს ინფორმაცია ეთერით გასულა, და კიდევ ერთხელ “დაბრალდა” პრესას გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ლიზა ლეონსკაიას ამ 60 წლის განმავლობაში კიდევ ორჯერ აქვს დაკრული თბილისში სიმფონიურ ორკესტრთან ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით:

1976 წლის 5 ოქტომბერს – კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს სახელმწიფო ორკესტრთან შესრულდა მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი N23.

1995 წლის 29 სექტემბერს – თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე “შემოდგომის თბილისი” თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან შესრულდა ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი N4 და პროკოფიევის საფორტეპიანო კონცერტი N1.

ვუსურვებთ ქალბატონ ლიზას წარმატებულ სიმფონიურ კონცერტს 20 წლის პაუზის შემდეგ!”