Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ნიკოლოზ რაჭველს დახმარება სჭირდება”

6 თებერვალი, 2016

1svimonსამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი ნიკოლოზ რაჭველის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ვახტანგ კახიძე რაჭველს უნიჭოს, უგემოვნოს და არაპროფესიონალს უწოდებს. სვიმონს მიაჩნია, რომ უნიჭო ნიკოლოზ რაჭველსაც სჭირდება დახმარება და სახელმწიფო ორკესტრსაც.

სვიმონ ჯანგულაშვილი:

“ძალიან დამწუხრებული ვარ იმის შემდეგ, რაც ეს ფოტო ვნახე. ჩემს გულში არსებული ამ ადამიანის პიროვნება და ხატება, მისი საუკეთესო მუსიკალური შედევრები სულ სხვა სიმაღლისა და სინათლისაა და ეს წერილი კი, უბრალოდ დაუჯერებელია.

მაგრამ, ასეა თუ ისე, სისუსტე ყველას გვაქვს და მთავარია, რომ ეს საკითხი სიკეთით, მიტევებითა და მუსიკას რომ ეკადრება, ისეთი სიყვარულით, სინათლით გადაწყდეს.

ჩემი კონცერტი რომ იყო (და აქვე ნიკას და ორკესტრს უზომო მადლიერებას ვწირავ, რომ ახალბედა და ჩემზე ახალგაზრდა დირიჟორებს გვეხმარება პროფესიულ ზრდასა და წინსვლაში, ეს მაშინ, როდესაც სხვა ორკესტრებთან უბრალოდ ვერც მიხვალ და კონსერვატორიაში არ ასწავლიან საორკესტრო დირიჟორობას, ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით), მოკლედ, ჩემი კონცერტი რომ იყო, 3-4-ჯერ გადავდეთ-გადმოვდეთ თარიღი და ძლივს გადარჩა კონცერტი ჩაშლას, იმიტომ რომ რუსთაველის თეატრს არ ეცალა და შემდეგ გია ყანჩელის, ბესო ზანგურის, დათო საყვარელიძისა და გია თევზაძის ერთობლივი ძალისხმევით ძლივს დავუკარით ჩაიკოვსკი და მალერი. ეს არ იყო ესტრადა და ჯაზი, როგორც, უყვართ, ზოგიერთ ბობოლა მუსიკის ისტორიკოსებს, ნიკას ორკესტრზე კბილის წაკვრა.

მაშინ მე ჩემი თვალით ვნახე, თუ რა სიმწარე, რა ღამეების თენება და წვალება, ფულზე მათხოვრობა, და ზოგადად მათხოვრობა უხდებათ ნიკას, ნინოს, თეონას, მთელ მენეჯმენტს თითოეული კონცერტის გამართვა. ამას ვუყურებ უკვე რამდენი წელია..

არაფერს ვამბობ, რომ ორკესტრს არა აქვს სარეპეტიციო პირობები, არა აქვთ ინსტრუმენტები და მათი ნაშრომის შესაბამისი ღირსეული ანაზღაურება. ბილეთების გაყიდვით შემოსული მთელი ფული მიდის არა ორკესტრის სასიკეთოდ და დასახმარებლად, არამედ სხვა დარბაზების არენდისათვის.

ეს არის სირცხვილი ყველა მთავრობის, ყველა პრეზიდენტის, პრემიერის, ფაქტობრივად უუნარო და მშიშარა მინისტრების, და ეს არის სირცხვილი იმ მუსიკოსების, ვინც ასეთი პირობებისათვის წირავენ კოლეგებს.

კაცმა რომ გვკითხოს, ქრისტიანები ვართ და მშვენიერებას და სიკეთეს ვემსახურებით, ამ დროს ბოროტებას გულცივად უყურებს რამდენი ადამიანი.

ამ ორკესტრს სჭირდება დახმარება, მეგობრებო და უნიჭო ნიკოლოზ რაჭველსაც სჭირდება დახმარება, რომ შეძლოს გაიზარდოს და განვითარდეს ისეთ პირობებში, რაც ჩვენნაირ დემოკრატიულ ქვეყნებში ყველას თანაბრად ეკუთვნის და არა მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებულ ელიტარულ ოჯახებს.

მწარეა ეს სიმართლე და გული მეწვის, ამას რომ ვწერ, მაგრამ ქმნა მართლისა სიმართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

დაანგრიეთ თქვენს გულში არსებული სიძულვილის კედელი და ნახავთ რამდენი სიკეთე შემოვა თქვენს ცხოვრებაში, ძვირფასო უფროსო კოლეგებო!”