6 თებერვალი, 2016

“ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი”

1nikoloz“ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა!” – ასეთია იმ სამგვერდიანი წერილის დასკვნა, რომელიც კულტურის სამინისტროში ინახება. წერილს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თბილისი სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ვახტანგ კახიძე აწერს.

წერილის ამ ფრაგმენტს ნიკოლოზ რაჭველი თავად ავრცელებს და მისი გავრცელების მიზეზსაც განმარტავს:

“დავიწყეთ გუსტავ მალერის V სიმფონიაზე მუშაობა! ყველას უხარია, მე ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია ასეთ ნაწარმოებთან მქონდეს შეხება! ჩვენი ორკესტრი, რომელმაც 2 წლის წინ მალერის I სიმფონია წარმატებით შეასრულა (2-ჯერ გავიმეორეთ), წელს კიდევ ერთ ტიტანს შეეჭიდა!

სიმფონიური მუსიკის მოყვარულებს მალე გავახარებთ!

მაგრამ ყველას სახეზე გვეწერა ერთი რიტორიკული და ჩვენი ცხოვრების ლეიტმოტივად ქცეული შეკითხვა: სად დავუკრავთ მალერის მუსიკას, რომელსაც სჭირდება მხოლოდ სიმფონიური მუსიკის დარბაზი შესაბამისი აკუსტიკით და მასშტაბური სცენით, რომელიც საბედნიეროდ ჩვენს ქალაქს აქვს, მაგრამ ჩვენ იქ არ გვიშვებენ…

(ოფიციალურ მიზეზად სახელდება შემდეგი არგუმენტი: ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა!)

1rachveli

ასე დიდ ხანს თუ გაგრძელდება ან საერთოდ ყველაფრის ხალისს დავკარგავთ ან უკან დაუხევლად ვიბრძოლებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ორკესტრმა ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს უფლება რომ სრულფასოვნად იჟღეროს და იფუნქციონეროს ისე, როგორც მის სტატუსს, ხარისხსა და რეპერტუარს შეეფერება!”