Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კრიტიკა გრძელდება – ღარიბი და არაქართული “აბესალომ და ეთერი”

6 თებერვალი, 2016

1abesalom-da-eteris-dekoraciaმას შემდეგ, რაც განახლებულ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ზაქარია ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი” დაიდგა, საზოგადოების მხრიდან მისი შეფასებები არ წყდება.

ფილოლოგი და ქართველოლოგი მანანა სოტკილავა განახლებულ ოპერას აკრიტიკებს და შემოქმედებით ჯგუფს არაქართულობასა და ღარიბი დეკორაციების შექმნაში ადანაშაულებს.

მანანა სოტკილავა:

“შუბების-ბილეთების და ისევ შუბების” გამოფენის ფართოდ განხილვისა და ეკა ხოფერიას, არც მეტი და არც ნაკლები, გაუზრდელი ადამიანის თავხედობით საზოგადოებისთვის შეთავაზებულ მორიგ შოუდ “საოპერო გადარბენის” შემდეგ, გამოჩნდა ვინმე მაყურებელი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს – “დიდებულ სპექტაკლზე, რომლითაც აღფრთოვანებული ვართ ყველა, თბილისელებიც და ჩამოსული სტუმრებიც…”

აი, ამ ნათქვამის პასუხად გადავწყვიტე, განახლებული სპექტაკლის თაობაზე ჩემეული ხედვა შემოგთავაზოთ:

– იქ ქართული მხოლოდ ოპერის სათაური, მუსიკა და “ეთერიანის” სიუჟეტი იყო… სხვა დანარჩენი თავის კოსტუმებით და ღარიბი დეკორაციებით (სხვა რომ არა, გლეხის გოგო ეთერის და აბესალომ მეფის შეხვედრის ადგილი – ტყე და მეფის სასახლის ზეიმ-ქორწილი ერთი და იგივე დეკორაციებით რა ინოვაციაა, ძალიან საინტერესოა?), ბრჭყვიალ-ბრჭყვიალა ფერებით არაქართული გახლდათ! უფრო აზიურ-ეგვიპტურ თუ რაღაც ამის მსგავსი.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ალბათ აპირებენ ვერდის ოპერა “ნაბუქოც” დადგან და კოსტუმებს “აბესალომ და ეთერიდან” ინათხოვრებენ ხოლმე, რადგან ეს საზიაროდ შექმნილი კოსტუმები მას უფრო შეეფერება, ვიდრე ქართულ სინამდვილეს!!!

დიდებული “ეთერი” იყო ქალბატონი თამარ ივერი, მადლობა და ბრავო მას!!!!

ჩვენ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ბედისადმი სიმბოლურად მიძღვნილი ამ ეროვნული ოპერის ძველი დადგმების დიდებულება მოგვდევს და მართალია, გამეორებას ანუ ზუსტ კოპირებას არ ვითხოვდით, მაგრამ განახლებული დადგმა კარგი იყო ქართულ რეალობას არ აცდენოდა.

ქართული მელოდიის ევროპული სამოსელით შემკობილი ეროვნული ოპერა ჩვენი სავიზიტო ბარათი უნდა ყოფილიყო მთელს მსოფლიოში და არა სხვა კულტურის ფერთა სიუხვით აჭრელებული, რაც არ უნდა ბევრი დოლარი დახარჯულიყო და ბევრი ოქრო არ დაბერტყილიყო მის შესაქმნელად!!!!”