23 იანვარი, 2016

წერილი „უსერიოზულეს“ „თრეშ“-ოპერაზე „აბესალომ და ეთერი“

1zaqaria-faliashviliსაოპერო სეზონი საქართველოში მუდმივად იხსნება ზაქარიას უკვდავი ოპერით „აბესალომ და ეთერი“, ოპერა, რომელიც დიდი ტკივილებით იშვა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, იმთავითვე იქცა მუდმივი ქილიკის საგნად. გასაოცარი ტიპის ბრალდებები გაგვიგია ათწლეულების მანძილზე – მაგარი რომ იყოს ევროპელები დადგამდნენ, გაუმართავი დრამატურგია – ტყიდან პირდაპირ ქორწილში, ვაჟკაცურობას მოკლებული აბესალომი, რომელიც მზადაა საყვარელი ქალი ნებისმიერს გადაულოცოს, მოპარული ინტონაციები, ძლივს დასრულებული ნაწარმოები წვეტიანი კუთხეებით, ოპერა, რომელიც ევრორემონტს საჭიროებს.

ხელოვნების ჭეშმარიტ და იდუმალ ნიმუშებს ერთი გასაოცარი თვისება აქვთ – ჯადოსნური ძალა, რომელიც მათთან დაჭიდებისას იზრდება. ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ ეროვნული ცნობიერების იმდენი საინტერესო კოდია ჩადებული (საუკუნოვანი სევდის ფენომენი, ბედისწერის ეროვნული ფილოსოფია და მრავალი სხვა), რომ დამცირებისას მას სულ უფრო უკვდავყოფ და განადიდებ, თავად კი პატარავდები.

შეგახსენებთ გარკვეულ ფაქტებს: შვილის სიკვდილით გამოწვეული ტრაგედიის შემდეგ ამ ოპერის ნოტების განადგურება კომპოზიტორს გადააფიქრებინა ხელოვნების სიღრმეებსა და რაობაში „როგორმე გარკვეულმა“ ივანე ჯავახიშვილმა. სხვათაშორის, „დაისსაც“ წაუყენეს ბრალდება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ – ეროვნულ-განმათავისუფლებელი მუხტის გაძლიერება, მენშევიკურ ოპერად მონათლეს, მაგრამ სასცენო ნათლობა მაინც მიიღო ხელოვნების ნიმუშის ავკარგიანობაში „როგორმე გარკვეული“ ვიქტორ დოლიძის მიერ. ბევრი აუგის მოსმენის პასუხად გამწარებულმა დოლიძემ ენამოსწრებულად მიმართა ეჭვებით შეპყრობილ ქართველებს – არ ვიცი ეს მუსიკა მენშევიკურია თუ არა, მაგრამ ყველას ამ მუსიკით დაგასაფლავებენო.

გავიხსენოთ კიდევ რამდენიმე „როგორმე კარგი პროფესიონალის“ აზრი:

კოტე მარჯანიშვილი – “დიდი დღესასწაულია! დღესასწაული ნამდვილი ხელოვნებისა! დღესასწაული კულტურული გამარჯვებისა! სარკმელია ევროპისკენ! გასაოცარი ლეგენდაა, სამშობლო ქვეყნის ჰანგებით მოსევდიანებული, ევროპული ოსტატობით შემუშავებული”.

ქართველი მსახიობი მარიამ საფაროვა-აბაშიძე – “აბესალომი” უნდა განასახიერებდეს საქართველოს უკვდავ სულს, რომელშიც ტანჯვა და სიხარული ერთმანეთში გადახლართულა, ვით სიმბოლო აზრისა და მშვენიერებისა”.

ემილიო ვაგი, იტალიელი მუსიკოსი – „მე ვურჩევდი ევროპის მაესტროებს, კარგად შეისწავლონ „აბესალომ და ეთერი““.

თავად ფალიაშვილის საოცარი თავმდაბლობით ნათქვამი სიტყვები კი არავის დატოვებს გულგრილს: – “მე პრეტენზიები არა მაქვს, რათა ჩემზე სთქვან ოპერა დასწერაო. ჩემი მუშაობის აზრია – მე ვიძლევი მასალას, ვკრებ და ვაყალიბებ მას, გამოვიტან საზოგადოებაში, შემდეგ, ალბათ გამოჩნდება ვინმე უფრო ნიჭიერი და ოპერას დასწერს”.

იმედია, ამ საოცარი თავმდაბლობის მქონე კომპოზიტორს მისსავე ნათქვამის მოშველიებით არ დაუპირისპირდებიან. ბახის, ვაგნერის, ვერდის, დებიუსის და სხვა კომპოზიტორების შედევრების დეტალური შესწავლის შედეგად ზაქარიას კრიტიკული თვითშეფასების უნარი გამოუმუშავდა, რამაც პიროვნულ თავმდაბლობასთან შერწყმით სწორედ ასეთი სიტყვები შემოგვინახა. მეტიც, მან გაითვალისწინა ოპერის პირვანდელ ვერსიაზე გამოთქმული არა ერთი შენიშვნა და ერთი მოქმედებით შეამოკლა იგი. მსოფლიოში ხელოვანთა თავმდაბლობის უნიკალურ და ხშირად უპრეცედენტო მაგალითებს ვაწყდებით. არის ნაწარმოებები, რომლებზეც ხელოვანები მთელი ცხოვრება წვალობენ საბოლოო კონდიციამდე მისაყვანად და მრავალ რედაქტირებას უკეთებენ მათ. მაგრამ ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ ავტორმა ან ჩვენ არ ვიცით ნაწარმოების ფასი. დღეს კი ადამიანებს გადამეტებულ, ერთობ არაადეკვატურ კრიტიკაზე არა თუ ბოდიშის მოხდა უძნელდებათ, არამედ სულ უფრო ფანტასმაგორიულ ბრალდებებზე გადმოდიან, ამასთან გეომეტრიული პროგრესიით იზრდება შეურაცხყოფის მასშტაბები და სრულ შეურაცხადობამდე ხშირად ერთი ნაბიჯიღა რჩება. ცნობად სახეებს აქვთ აზრის გამოთქმის უფლება, სხვებს რატომღაც არა, არ დათანხმება კი ღრმად სერიოზულ ახალ ბრალდებას ედება საფუძვლად. როგორც კი რამეში არ გვეთანხმებიან და სხვაც გამოთქვამს თავის აზრს (ყველას აქვს უფლება სხვათაშორის, ნუთუ მართალი ისაა ვინც პირველი გამოთქვამს აზრს?) ეგრევე პატრიოტიზმში რომ არ შევიტანოთ ეჭვი და უფრო მეტი არგუმენტებით გავამყაროთ საკუთარი მოსაზრებები არა?

ის, რომ ჩვენს გენიალურ ფოლკლორს ქართულ საოპერო კულტურასთან შედარებით საუკუნოვანი ტრადიციები აქვს, ეროვნული სავიზიტო ბარათი და კოზირია, ეს, სხვათაშორის, პირველმა ზაქარიამ დაგვანახა პრაქტიკული თვალსაზრისით. კატეგორიული იგი სწორედ „ჩაკრულოს“ ოპერაში შენარჩუნებისას აღმოჩნდა, სწორ კონტექსტში გამოყენებული ფოლკლორული მარგალიტი კიდევ უფრო გააბრწყინა, რაც კომპოზიტორის მხატვრული ინტუიციის ზუსტი მარკეტინგული გათვლა იყო. – “მე ის (იგულისხმება “აბესალომ და ეთერი”) მიყვარს და ვეტრფი არა მარტო ისე, როგორც ჩემს პირმშოს, არა – ვიმეორებ, ისე როგორც საუკეთესო ნიმუშს ქართული ხალხური სიმღერებისას ევროპული თეორიის კანონებზედ დამყარებულს”. კომპოზიტორმა თავადვე უწყოდა, რომ ქართული საკომპოზიტორო სკოლა ფეხს იდგამდა და ეროვნული საერო მუსიკისთვის დიდი სივრცეების დაპყრობის გარანტორი ფოლკლორის წიაღიდან ამოზრდა იყო. ევროპული ყაიდის ქართული საერო პროფესიული მუსიკა ერთ საუკუნეს ითვლის და, ვფიქრობ, არალოგიკურია მას ის პროდუქციულობა მოვთხოვოთ, რაც საერო მუსიკის მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი ტრადიციების მქონე ქვეყნებს აქვთ. მაგრამ ამ ერთ საუკუნეში ჩვენ გია ყანჩელი ვშვით, რომლის მუსიკაშიც უმდიდრესი ისტორიული მეხსიერება ინახება, თვით ეროვნული საერო მუსიკალური აზროვნების მასშტაბი კი, თითქოს საუკუნეებით დაგროვილ გამოცდილებას უტოლდება. და ეს სულ ერთი საუკუნის შედეგებია. აქვე დავძენ, რომ ფოლკლორის და პროფესიული მუსიკის შედარების საკითხის წამოწევა საერთოდ არ არის მართებული, რადგან არაერთგვაროვანი სტრუქტურის მოვლენებს არ ადარებენ, ფოლკლორი და პროფესიული ხელოვნება დაკავშირებულია ეროვნული გენომის, ცნობიერების დონეზე, მაგრამ ურთიერთგანმაპირობებელი არ გახლავთ. ასე მაგ. გერმანული და ქართული საერო პროფესიული მუსიკის განსხვავებული პროდუქციულობა, ხარისხი, მიღწევები უშუალოდ არის დაკავშირებული არა ნიჭიერება-არნიჭიერების, არამედ რელიგიური კონფესიის და სხვა საკითხებთან, მაგრამ ეხლა საკითხს დავუბრუნდები და საგანმანათლებლო მიზნით ოპერის გარკვეულ მომენტებზე შევჩერდები: ავტორიტეტული სპეციალისტების თუნდაც უახლესი კვლევების თანახმად, ოპერაში სახეზეა ევროპული რომანტიკული ოპერის მრავალი საინტერესო მხარე (ლიდია გოგუა), კონცეპტუალურ, ფუნქციურ და ინტონაციურ დონეზე გამოვლენილი მითო-პოეტური აზროვნება. ვისაც ოპერის სტატიკა აღიზიანებთ, იცოდეთ, რომ ეს სწორედ ის მითო-პოეტური სტილია, შინაგანი წინააღმდეგობრიობის ხარისხობრივი გარდაქმნის ხარჯზე რომ მიიღწევა და არა საწინააღმდეგო ძალების სინთეზით (მარინა ქავთარაძე). ოპერაში პასიონური სიმძაფრით არის გადმოცემული ტანჯვის ფსიქოლოგია. კომპოზიტორმა გრძნობას ის მიმართულება მისცა, რაც თავისი არსით მოწამებრივია, ჩასახვისთანავე სულიერი და ეს სიმბოლურად შესავლის ქორალში გადმოსცა (ნანა ქავთარაძე). რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ აბესალომის და მურმანის დუეტში ადამიანის ფსიქოლოგიის გასაოცარი ცოდნაა ჩადებული: უზარმაზარი სიყვარულის შინაგანი ბედნიერების განცდა, თავზარდამცემი განსაცდელის და გამოუვალობის გაცნობიერება, ბედისადმი დანებება, თავდაცვის რამდენიმე მექანიზმის ამოქმედება – „თავდასხმა“ რეაქტიული ქმედების სახით (მურმანის უკვდავების წყლისთვის გაგზავნა), განცდის ქვეცნობიერში განდევნა, რათა არ გაიხსენო შფოთის მიზეზი (გონებიდან ეთერის ამოშლა და ფიქრი უკვდავებაზე), „ჩანაცვლება“ ანუ რეალობისთვის თავის არიდება და „რაციონალიზაცია“ – გამოსავლის ძიება ბედისწერასთან სხვა რეალობის დაპირისპირებით (უკვდავების წყლის წადილი ეთერის დაბრუნების მაგივრად).

ზაქარიას დღეს ბევრი ისეთი დამცველიც გამოუჩნდება, რომელთაც ოპერა არც კი მოუსმენიათ და მაძაგებლებივით ასევე არ ერკვევიან საკითხში პროფესიულად, თუმცა იცავენ მას, როგორც ქართულ მოვლენას. ცხადია, ესეც მიუღებელია, მაგრამ ნაკლები ბოროტებაა, რადგან ასეთ ადამიანებს ერთით მეტი უჯრედი აქვთ ტვინში და მასში გარკვევით უწერიათ – კარგად ჩავებღაუჭო ქართველობას, რადგან სხვა აბა ვინ ხარ ძალიანაც რომ გინდოდეს, უთვისტომო და ურჯულო ვის დაკარგვიხარ ამ უკიდეგანო სამყაროში?

ჩვენ შოუების ეპოქაში ვარსებობთ, სადაც ცირკის მსახიობების ჩვეულებრივი პროფესიული გამოსვლისას შოკურ გაოცებას გამოვხატავთ, არადა ეს მათი ჩვეულებრივი სამუშაო შედეგია, ეს მათი პროფესიაა და არა თვითნაბადი ნიჭიერების ზეიმი. ცხადია, შოუებს თავისი ადგილი აქვს და ისინი თავიანთ მოთხოვნებს აშკარად ზედმიწევნით პასუხობენ. პირადად მე მივესალმები ისეთ ადამიანებს ამ შოუებიდან, რომელთაც შინაგანი თავისუფლება და იუმორი უფლებას აძლევთ უზარმაზარ დარბაზში „ცოცრით“ დაუკრან. შოუს პოზიციებიდან ეს გამართლებულია. პრობლემა ჩვენს რეალობაში შეფასების კრიტერიუმების, ლექსიკონის და შემფასებლის უნიფიცირებაა. ამიტომაც გახდა შესაძლებელი ოპერაც ორი სიტყვით, ემოციური ინსტინქტების დონეზე, ცოდნაზე არ დაფუძნებულ აგრესიულ ტონალობაში შეფასდეს. ჩვენი კულტურული მატრიცის გასაოცარი მონაპოვარი ხომ სწორედ ყველა რანგის მოვლენის ორი სიტყვით შეფასების პრეტენზიაა, ეს „მაგარ ხოდშია“. დარჩა კიდევ ერთი დაუწერელი კანონის დაცვა – სათქმელის ჟარგონებით მოჩუქურთმება და „პრადვინუტობის“ ხარისხის პრეზენტირება უზრდელობანარევი ცინიზმით. მხარდამჭერებიც მოიძებნება, რაც ფსევდოპატრიოტების თვისობრივად მსგავსი რანგის, მაგრამ საპირისპირო აზროვნების დემონსტრირებაა; საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხომ ჩამორჩენილობაში ბრალდების კომპლექსი აწუხებს, ანუ სილაჩრე დასჩემდა – როგორმე არ ამოვარდნენ მათი სოციუმის კონტექსტიდან. ჩაცმაში უგემოვნობას შავი ტანსაცმლით ვფარავთ, სხვა კომპლექსებს ყველაფრის და ყველას ლანძღვით განურჩევლად შედეგებისა. ეს ჩვენი რეალობის საბრალობელი მომენტია. სხვისი კრიტიკა საკუთარი პრიორიტეტის პიარის საშუალებაა, ამ დროს ხომ ირგებ სტატუსს საზოგადოების რჩეულისა, რომლის ულტრა განვითარებულ გემოვნებას ადვილად არაფერი არ უნდა მოეწონოს. კარგი იქნება ყველამ სულის სარკეში ჩაიხედოს, თავის მასშტაბებს შეხედოს და შემდეგ ასეთი შედევრების მასშტაბებს გააყოლოს მზერა, თუ გაწვდებათ, რა თქმა უნდა. საბოლოოდ კი ასეთი ამბები ენის გამოყოფას დაემსგავსა – აბა, ვის უფრო გრძელი ენა აქვს და რამდენად დიდ მანძილზე გამოყოფს გარეთ, ვინ უფრო მეტი სალანძღავი სიტყვა იცის და რამდენად უფრო ცინიკურ კონტექსტში მოიხმარს. და მაინც ყველაზე მეტად ალბათ ოპერის მიმართ ინტერნეტ სივრცეში გაჩენილმა სიტყვა „თრეშმა“ მიიპყრო ყურადღება. თუ ეს სიტყვა სლენგის კატეგორიაშია გამოყენებული, მაშინ კლასიკურ ოპერას მინიმუმ სტილში აცდა. ზოგადად კი ამ ტერმინის წარმომავლობა უკავშირდება ამერიკის ერთ-ერთ ლიტერატურულ მიმართულებას, რომლის მთავარი თემატიკა უწმინდურობის, გარყვნილების, სიბილწის, ვულგარულობის, სიმახინჯის, პორნოს, სიგიჟის, შიშის აპოლოგიაა. დავფიქრდები აქედან რომლის წარმოჩინებისთვის გაისარჯა შვილმკვდარი ზაქარია, როდესაც ისევ და ისევ შვილის ხსოვნის პატივსაცემად მოიკირბა ბოლო ძალები და სრულიად განადგურებულმა დაასრულა ოპერა. აქამდე მეგონა, რომ კომპოზიტორმა ძეგლი მითიურ, არაამქვეყნიურ სიყვარულს დაუდგა, იმ სიყვარულს, რომლისთვისაც სიკვდილი ამაოებაში დაკარგული სიყვარულის მარადიულ ხარისხში აყვანის გზაა და ამიტომაც ილტვიან მისკენ გმირები. ნაცვლად იმისა, რომ დავაარსოთ კონკურსი – მარკეტინგულად ვინ უფრო კარგად შეფუთავს ჩვენს ხელოვნებას დ გაიტანს მსოფლიოში, უკვე გვაქვს ერთი დაუწერელი კონკურსი, რომლის დაუწერელი პირობა – ხარისხიანი ეროვნული პროდუქციის გაუფასურებაა, სამაგიეროდ, როგორც ჩანს, ჯილდოა დიდი. ამგვარი პროვინციული და სნობური „კონკურსი“ ერთგვარი დეკადანსური ტიპის განაჩენია, რომელიც მხოლოდ უგნურმა ერმა შეიძლება გამოუტანოს თავის თავს.

რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ ოპერა საზღვარგარეთ არ დამკვიდრდა, ეს ცალკე საუბრის თემაა. გაითვალისწინეთ, რომ თვით ევროპაშიც ბევრი შედევრი ჯერ კიდევ ელოდება თავის დროს. ბოლობოლო არავის დაავიწყდეს, რომ თვით პლანეტარული მასშტაბის გენიოსის მოცარტის „ღირსეულად დასაფლავებას“ დღემდე განიცდის ავსტრია, იმასაც განიცდიან მის ოპერებზე ბოლოს კანტიკუნად რომ ესწრებოდნენ მათი წინაპრები, განსხვავებით სალიერის ოპერებზე გადაჭედილი დარბაზისგან. ლისტს მთელი ცხოვრება სტანჯავდა ბეთჰოვენის მოუპირკეთებელი საფლავის არსებობა, გერმანიას დღემდე სტკივა დაუდევრობის გამო დაკარგული იოჰან სებასტიან ბახის თხზულებები… თუმცა ჩვენს ეროვნულ სინამდვილეს და ამ ქვეყნებთან შედარებით ჯერჯერობით მართლაც მოკრძალებულ საერო პროფესიულ მუსიკას დავუბრუნდეთ. უამრავი მაგალითი გვაქვს ხელოვანებთან და მათ ხსოვნასთან უგანაჩენო მოპყრობის. ასე რომ, ჩვენი კულტურის ევროპაში პოპულარობას ამ ნიმუშების ხარისხთან ნუ დავაკავშირებთ, თორემ პლანეტარული ტიპის მოაზროვნეები – გალაკტიონი და ვაჟა-ფშაველაც არ დაგვეჩაგრონ ერთ მშვენიერ დღეს მეშინია.

არაპროფესიონალს აზრის გამოხატვის უფლება აქვს და პროფესიონალს პასუხის გაცემის უფლება აღარ აქვს?! ათასჯერ უკაცრავად, მაგრამ….. აქვს, მეტიც, ვალდებულებაც გააჩნია მიუთითოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს – კეთილი ნებით მეტად გაერკვიეთ საკითხში და უმეცრების ჩანაცვლება ცოდნით სხვა დასკვნებზე გაგიყვანთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უარესი არა უვიცობაა, არამედ თავისი პროფესიის უბადლოდ ცოდნის გარდა ცოტ-ცოტა რომ ყველაფრის ცოდნის პრეტენზია გვაქვს. ეხლა ვხვდები რატომ მიმეორებდნენ ცნობილი აკადემიკოსები ახალგაზრდობისას ფრაზას – ორნახევარი წიგნით განათლებული ადამიანი უვიცზე საშიშია, რადგან არ უწყის რამდენი რამ არ იცის ჯერ კიდევო. რასაც რიგითი ქართველი შეურაცხყოფად აღიქვამს, სპეციალისტებისთვის პროფესიული ღირსების საკითხია. ამაზე ხმის ამაღლება კი არა მორიგი ენის გამოყოფაა საპასუხოდ, არამედ პროფესიონალის ვალდებულება. რაც შეეხება ჩემს პატრიოტიზმს – გროშებად ვასწავლი, ერთგულად, ხარისხიანად და ასე შემდეგ. არც სექტანტი ვარ, არც შავი ჩოხა მაქვს, „ფერადი ადამიანი“ ვარ.

კეთილო მეგობრებო, ნუ იჭიდავებთ შედევრებთან, მათ თქვენი დაკაწრული არასოდეს დაეტყობათ, აი, თქვენ კი თითებს დაიზიანებთ, რომლითაც ამ ცხოვრებაში ზედმეტ რაღაცეებს ეპოტინებით, ან რა საჭიროა ყველაფერზე ხარჯო ენერგია, როდესაც საკუთარი საქმე საათივით გაქვს აწყობილი და საკუთარ სფეროში მართლაც პროფესიონალი ხარ.

დასასრულს ერთი პასუხგაუცემელი რიტორიკული კითხვა მაწვალებს – ნუთუ ამდენმა გენიალურმა ან გამოჩენილმა რეჟისორმა, მხატვარმა, მომღერალმა მხოლოდ პატრიოტული ქულების დასაწერად შეიგრძნო, განიცა, დადგა ან იმღერა ეს თრეში?!

გვანცა ღვინჯილია
მუსიკისმცოდნე