4 იანვარი, 2016

თამარ ივერი გაანაწყენეს

1tamar-iveri-daajarimesსაოპერო მომღერალი თამარ ივერი გაანაწყენეს. მსოფლიოში ცნობილი სოპრანო მის მიერვე დაარსებული საქველმოქმედო ფონდით “დაცული საზოგადოება” სიკეთისთვის მართავს კონცერტებს და იმ ადამიანებს ეხმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

თამარ ივერი ფონდის მიერ გამართულ ერთ-ერთი ბოლო საქველმოქმედო კონცერტში გარკვეულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების გაჟღერების გამო დააჯარიმეს. საავტორო უფლებების ასოციაციამ მომღერალს 13 ივნისის სტიქიის დროს დაობლებული პატარებისთვის გამართული საქველმოქმედო კონცერტისთვის 400 ლარის გადახდა დააკისრა.

თამარ ივერი:

“არ მეგონა, თუ ქველმოქმედებასაც მისი “სითი პარკი”-ს წარმომადგენლები ჰყავდა ჩასაფრებული.

ჩვენი საქველმოქმედო კონცერტის შემდგომ გაისმა ზარი ჩვენს ფონდში და ოლიმპიური სიმშვიდით გვითხრეს: საავტორო უფლებების ასოციაციიდან ვართ, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ მთელი კონცერტის პროგრამა და თუ რომელიმე შესრულებული კომპოზიტორის გარდაცვალებიდან ჯერ არ გასულა 70 წელი…. ჯარიმა გეკუთვნითო(!!) (მაგ დალოცვილებს წინასწარ ეკითხათ, ლამის 10 დღე მიდიოდა საკონცერტო რეკლამები, მაგრამ ჩასაფრების ფაქტორი ხომ უნდა ყოფილიყო?) ჯარიმაა, კონცერტის შემოსავლის და მოგების 6% მაგრამ… არა ნაკლები 400 ლარისო, ესეც სრული უაზრობა… ესე იგი, თუ კონცერტის შემოსავლის 6% არ არის 400 ლარი…. მაინც 400 ლარი უნდა გადაიხადოს ორგანიზატორმა.

ჩვენ ნათლად ავუხსენით, რომ ჩვენს კონცერტს არანაირი მოგება და შემოსავალი არ აქვს, რადგან კონცერტი უშუალოდ საქველმოქმედოა, თვითოეული ბილეთი მოგება კი არა შემოწირულობაა და იგი ხმარდება 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის ნივთების შეძენას და მათ დახმარებას, ასე რომ, აქ ფრაზა “მოგება” უადგილოა-მეთქი. არ გვაინტერესებს არანაირი ქველმოქმედების თემა, კონცერტი მაინც მოგება-შემოსავალში განიხილებაო. აი, ასეთ “გულანთებულ” და “კეთილშობილ” ადამიანებთან გვაქვს საქმე!!!
გადავხედეთ პროგრამას და ალისა კოლოსოვა დიმიტრი არაყიშვილს მღეროდა, რომლის გარდაცვალებიდან ჯერ 70 წელი არ გასულიყო. ასევე აღმოვაჩინეთ, რომ 3 ევროპელი კომპოზიტორიც 50-იან წლებში გარდაცვლილა.

ვუთხარით, კეთილი, თუ თვლით, რომ ამ აქციით დიმიტრი არაყიშვილის უფლებებს იცავთ გასაგებია, მაგრამ დანარჩენ თანხებს გუსტავ შერპანტიეს, უმბერტო ჯორდანოს ან ფრანჩესკო ჩილეას საფლავებზე მიმოფანტავთ თუ მათ ოჯახებს გადაურიცხავთ სუპერმარკეტში ერთი გასვლის ხარჯებისთვის-თქო?? ან ხომ შეიძლება კონცერტამდე ეკითხათ?

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ…. თავადვე მშვენივრად გრძნობენ, რომ რაღაც აბსურდის თეატრს თამაშობენ, მაგრამ რას ვიზამთ…. სანამ მათ ამ “სითი-პარკულ” “სპექტაკლებს” გაარიფებული ჯარიმის გადამხდელი ჰყავს… ტაშიიიი… რატომაც არა.

გასაგებია, რომ კომპოზიტორს მისი ჰონორარი თუ საავტორო უფლება სურს. ეს დაცულიც უნდა იყოს!!!! მაგრამ ხომ შეიძლება დახვეწონ უნიჭოდ შედგენილი კანონი, რომ ამ ჩამონათვალში არ შედიოდეს ვინმეს ან რაიმის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო კონცერტები? სადაც თითო თეთრსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?? ასევე, დაკონკრეტებული იყოს ის ფაქტი, რომ ან კომპოზიტორი იყოს თავად ცოცხალი ან მხოლოდ ქართველ კომპოზიტორებზე ვრცელდებოდეს ისიც არასაქველმოქმედო საღამოებზე? ასევე გადახდის უფრო ჭკვიანური ფორმა და არა კონცერტის 6% მაგრამ არა ნაკლები 400 ლარისა… რაც სრული აბსურდია… ასევე, კონცერტამდე გატყობინებდნენ??

ასე ანგარიშმიუცემლად…. ძველი იტალიელი კომპოზიტორის ნაწარმოების სიმღერისთვის აქ საქართველოში საქველმოქმედო საღამოზე ხალხს ფული სცინცლო…. უკვე “კომედი შოუს” თემაა. ყოველდღე რამდენი კონსერვატორიის სტუდენტი მღერის ამ ნაწარმოებებს კონსერვატორიის სცენაზე, ან საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სცენებზე… და ასე დასდევენ ყველა დიდ თუ პატარა კონცერტებს??? თუ ჩვენ ავფრინდით რეკლამებით უფრო მაღლა და ჩვენ ჩაგვავლეს???

თუ კანონია… ყველასთვის კანონი უნდა იყოს ხომ? მაშინ, რატომ ჩვენს წინა კონცერტებზე არ მოგვადგნენ? მაშინაც მშვენივრად შევასრულეთ “საჯარიმო” ნაწარმოებები. ან საესტრადო შოუებზე და კონკურსებზე რომ ცნობილი მსოფლიო ჰიტები სრულდება… ყველა შეთანხმებულია მაიკლ ჯექსონის, ელვის პრესლის, ჯონ ლენონის, ფრედი მერკურის და სხვა კორიფეთა წარმომადგენლებთან??

მოკლედ, “არტ-სითი-პარკმა” ამჯერად ჩაგვავლო…. ჯარიმა მშვენივრად აგვაბდღვნა. ეს თანხა რომ არც არაყიშვილს, არც უმბერტო ჯორდანოს ან გუსტავ შარპანტიეს და ფრანჩესკო ჩილეას საიქიოს არ მიუვა, ყველა კარგად მიხვდება მაგრამ… ასე აკრეფილი “ჯარიმებით: საახალწლოდ რესტორან “ქალაქურში: რომ კარგად იგრიალებენ… ეს უფრო იოლად მისახვედრია. უბრალოდ… ყელში როგორ უნდა გადაუვიდეთ დაღუპულთა ოჯახების მცირეწლოვან ობლების პირიდან “გამოდღლეზილი” ფულით გაშლილი სუფრა… ეგ მათ ნამუსზე იყოს!!!!

მოგვიანებით თამარ ივერმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით, საქმის კურსში არ არიან დიმიტრი არაყიშვილის ოჯახის წევრები:

“დიმიტრი არაყიშვილის ოჯახი საერთოდ საქმის კურსში არ არის ჩვენი კონცერტის თაობაზე. კეთილი ინებოს საავტორო უფლებების ასოციაციამ და ვითომდა ამ კომპოზიტორის უფლებებისთვის, საქველმოქმედო კონცერტიდან გამობდღვნილი ჯარიმა გადასცეს კომპოზიტორის ოჯახს… თუ არა და მოეკითხებათ სად წაიღეს “ჯარიმის” სახელით გამობდღვნილი თანხა. უმბერტო ჯორდანოს და ფრანჩესკო ჩილეას სულებს ვეკონტაქტეთ ნათელმხილველ მედიატორის საშუალებით და მათ ან მათი ოჯახის წევრებსაც ერთი ცენტი არ მიუღიათ ანგარიშზე.!! კეთილი ინებონ და ახსნან თანხის მიზანი!”