22 იანვარი, 2016

SOS! – ქართული კულტურა საფრთხეშია

1qartuli-kulturaქართული კულტურა საფრთხეშია. ქართველი ხელოვანები ეროვნული საუნჯის დასაცავად ქმედითი ღონისძიებების გატარებას და საავტორო უფლებების დაცვას მოითხოვენ. ისინი მოუწოდებენ ამ საქმეში სახელმწიფო უწყებებიც ჩაერთონ და სამართლებრივი მექანიზმებით მოახდინონ ქართული კულტურის დაცვა.

მაშინ, როდესაც საქართველოში მოქმედებს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია, ქართული ნაწარმოებები ყველგან უნდა იყოს დაცული. უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ქართული სიმღერები და ცეკვები სომხურად არის გასაღებული.

დავით გველესიანი, ანსამბლ “რუსთავის” წევრი:

“ხალხო, სად არის საავტორო უფლებები? გამაგებინეთ როდემდე? მთელ რუსეთში “რუსთავის” დისკებს ყიდიან და ვერაფერს ვაკეთებთ! “ჩაკრულო” სომხური ყოფილა და “რუსთავიც” კარგა ხანს სომხური ანსამბლი იყო. უკვე მარაზმია ამ ჩვენი მეზობლების საქციელი! რას აკეთებს კულტურის სამინისტრო? ეს ხომ მაგათი საქმეა? ერთი დიდი ბოქლომი უნდა მაგ სამინისტროს კარებზე!!!”

თაკო ჩარკვიანი, პუბლიცისტი:

“ამას, ჩხუბი კი არა, არამედ, სამართლებრივი პატრონობა უნდა, თუ ქვეყანა ვართ, კულტურას სახელმწიფო დონეზე უნდა ვუპატრონოთ. ყველაფრის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, პატრონი უნდა ყველაფერს, ეს სასაცილო და იოლად გასატარებელი არ არის, ეს ქართული კულტურის ხელყოფაა, SOS!”

დავით ფოცხიშვილი, ქორეოგრაფიული ანსამბლის “მეტეხი” ხელმძღვანელი:

“ყურები აქვთ დასაგლეჯი, (Свадебный армянский танец) (საქროწილო სომხური ცეკვაო) აი ამაზე უნდა გააკეთოს ქორეოგრაფიულმა კავშირმა დიდი წერილი… კაი წერილი გაუშხვანშხვალონ ამ მიმთვისებლებს.

ნინი შერმადინი, მომღერალი:

“ქართული ცეკვების საავტორო უფლებები არ არსებობს? ან ზაქარია ფალიაშვილის დაისის?”

თამარ ალადაშვილი, “თსუ გორდელას” წევრი:

“ეს უკვე მარაზმია! არ შეიძლება გასცეს ვინმემ საკადრისი პასუხი?!”

ზურაბ ბუხრაძე, საოპერო მომღერალი:

“აი, ესღა გვაკლდა. ზნაჩიტ, მე 157 სპექტაკლი რომ მაქვს ოპერაში “დაისი” ნამღერი კიაზოს პარტია, სომხურად მიმღერია და არ მცოდნია რაღა….. ვაააა, ეს ინჩ კატარუმ გერნ…”

ნანა ქავთარაშვილი, საოპერო მომღერალი:

“ვინმემ ბოლოსდაბოლოს ხომ უნდა მიიღოს ზომები. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უსინდისობა, ხმა ამოიღეთ ხალხნო…”

საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითმა კავშირმა მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა:

“საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირი ღრმა სინანულს გამოხატავს სოციალურ ქსელებში, YOUTUBE-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციისა და ვიდეომასალების გამო, რომლის მიხედვითაც აშშ-ის სომხური დიასპორის ზოგიერთი, ჩვენის აზრით, უღირსი წარმომადგენელი, ზაქარია ფალიაშვილის გენიალური ოპერა „დაისიდან“ აღებულ საცეკვაო ნიმუშს ცეკვა „ქართული“ უსირცხვილოდ ასაღებს ხომხურ საქორწილო ცეკვად.

სამწუხაროა, რომ ამგვარ ინსინუაციებს ბოლო არ უჩანს და მისი ცალკეული გამოვლინებები კვლავაც უსასრულოდ გრძელდება.

კავშირი უახლოს ხანში გააკეთებს საფუძვლიან და მეცნიერულად დასაბუთებულ განცხადებას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.”

”არტინფო” გთავაზობთ იმ ვიდეოებს, რომლებმაც ქართველი ხელოვანების აღშფოთება გამოიწვია: