29 იანვარი, 2016

შეყვარებული ადამიანი ღმერთია! – ალექსანდრე გრიბოედოვის წერილი ნინო ჭავჭავაძეს

1griboedovi-da-chjavchavadzeრუსი მწერალი და დიპლომატი ალექსანდრე გრიბოედოვი აღმერთებდა ნინო ჭავჭავაძეს. მან ალექსანდრე ჭავჭავაძის უფროს ქალიშვილს ხელი მოულოდნელად სთხოვა. ნინო 17 წლის იყო, როდესაც დაქვრივდა, შავები ჩაიცვა და სიცოცხლის ბოლომდე მეუღლის ერთგული დარჩა – თაყვანისმცემლების მიუხედავად, ის აღარ გათხოვილა.

“არტინფო” გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს, რომელიც ალექსანდრე გრიბოედოვმა ნინო ჭავჭავაძეს მისწერა და მისი წაკითხვა ემოციის გარეშე შეუძლებელია:

***

”მე თავისუფლება წამართვეს, მაგრამ შენი სიყვარული ვერა… შენ ერთხელ მითხარი: ადამიანი თავად არისო ტაძარი, მე ახლა გავიგე იმ შენი გრძნეული სიტყვების ჭეშმარიტი აზრი. შენ ხარ ჩემი ტაძარი ჭეშმარიტი, მე სალოცავად მოვსულვარ შენთან…

შენ ხარ ხატი… საღვთო სანთლის დასანთებად მოვედი შენთან. მიახლება შენს სულთან ღმერთთან მიახლებას თუ შეედრება ნინო! სხვა ბადალი მას ამ ქვეყანაზე არ გააჩნია…

სიყვარული არის მუსიკა! მაგრამ რა არის შენთან ფილდის, ბახის, ბეთჰოვენის, შუბერტის, მოცარტის მუსიკა… შენ ყოველივე ამაზე უფრო ნატიფი და მშვენიერი ხარ ჩემთვის… და ამიტომ გეტრფი…

ღმერთი შენ იცი ნინო, გონებაა სამყაროსი. გონება ენაა ღმერთისა, ამ სამყაროში სიტყვებს ვეძებ მე, რომ შენი ღვთაება უკვდავყო.

აი, შენ ნახავ მე დავწერ სიყვარულის ახალ ბიბლიას, სიყვარულის ღვთაებრივ სახარებას… მე მას ყველაზე მშვენიერ სახელს – ნინოს დავარქმევ…

ჩემი სიყვარული ჩემზე დიდია და მე ის წამლეკავს, თუ შენ ხელი არ შემიშალე.

მე რომ მხატვარი ვიყო, მხოლოდ შენი ფრესკებით მოვახატავდი საქართველოს ციხე-ტაძრებს…

შენ იცი – მე თანამედროვეობაში ვერ ვპოვე ის, რასაც ვეძებდი, ამიტომ წარსულში ვაპირებდი გაქცევას. ვერც ამან მიშველა. მერე ბუნებასთან ვაპირებდი შერწყმას, როგორც მინდია, ვერც ამაში ვპოვე შვება. ახლა მივხვდი, ადამიანის ხსნა სიყვარულშია, ეს არის უზენაესი ღვთაებრივი არსი, რაც ადამიანს მხოლოდ ღვთაებრივ ხილვათა ჟამს გამოეცხადება. შეყვარებული ადამიანი ღმერთია! ამ სიყვარულის განსახიერება ჩემთვის შენა ხარ ნინო! შენ ხარ ჩემი ჯვარი და სვეტიცხოველი, ვარძია და ნიკორწინდა!

მე მუდამ მწამდა, რომ სიყვარული პოეზიაა, სიყვარული სიბრძნეა, რად მინდა სოლომონ ბრძენი ვიყო, თუ შენ ჩემი სიყვარული არა ხარ… რად მინდა დავითის ფსალმუნების დამწერის ნიჭი, თუ შენ ჩემი არ იქნები… სოლომონის სიბრძნეა შენდამი ჩემს სიყვარულში და დავითის ფსალმუნების სილამაზე და ჰაეროვნება… შენ ჩემი უზენაესი პოეზია ხარ… შენზე ფიქრი ფრთას მასხამს, შენზე დარდი მკლავს.. ჩემმა სულმა კათარზისი უნდა განიცადოს, შენი სიწმინდის ღირსი რომ გახდეს… შენ ხარ უზენაესი სიწმინდე, რომლის წინაშე მე ლოცვად ვარ დამხობილი.

მე დემონი ვარ – ცოდვილი ანგელოზი. მე ფრთები მინდა რომ ისევ ავმაღლდე. შენ, მხოლოდ შენ შეგიძლია შემასხა ფრთები, შენ სანთელი ხარ სიყვარულისა, მე ცეცხლი, რომელიც იმ სანთელისათვის გამოკვესა ღმერთმა. ჩვენ ერთი სანთელი და ერთი ცეცხლი ვართ!

მე მინდა ვიყო ერთდროულად პეტრარკაც, დანტეც, შექსპირიც, ჰაფიზიც, საადიც, ფირდოუსიც, რომ შენი სილამაზის სადარი ჰიმნი ვთქვა, ჰიმნი სიყვარულისა!

მაგრამ ვაი, რომ ეს შეუძლებელია!

შენ „ ვეფხისტყაოსნიდან“ შუქად ამოფრქვეული ნესტანი ხარ. მე კი შენი ხელი მიჯნური.
რუსთაველი თუ უმღერდა ჩვენს სიყვარულს ნინო, მხოლოდ რუსთაველი აღმოსავლეთის დანტე!

შენ ყველა ლაურაზე, ყველა ბიატრიჩზე, ყველა ნესტანზე ულამაზესი ხარ ჩემთვის ნინო!

შენ ხარ პოემა პირველი სიყვარულისა, ჩემი და მხოლოდ ჩემი!

კავკასიონის გზებზე გაზაფხულის პირველი მეხი რომ იქუხებს, ის ჩემი მოსვლის ნიშანი იქნება…

ღმერთო ჩემო! რა იოლად ვეუბნებოდი ყველას – მიყვარხართ მეთქი, რა იოლია ამის თქმა როცა არ გიყვარს!

მე ბოროტებას ქედს არ ვუხრიდი, არ მეგონა, თუ სიკეთეს დავუჩოქებდი.

მე მუხლმოდრეკილი ვდგავარ შენს წინაშე და გეაჯები: აწ და მარადის იყავი ჩემი!

ახლა ქაღალდი სახარებაზე მაქვს გადაშლილი და ისე ვწერ ამ ბარათს, ეს იმას ნიშნავს ღმერთს ესმის ჩემი ყოველი სიტყვა, მე ღმერთისა და შენს გასაგონად ვამბობ ნინო, მიყვარხარ შენ მხოლოდ შენ, ცაშიც და მიწაზეც, თავდავიწყებამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, შენი ვარ მხოლოდ!

კურთხეულ იყოს ის დღე და ის საათი, ის წამი, ის გულის ფეთქვა, როდესაც ვიგრძენ, რომ შენ მიყვარხარ!…

კურთხეულ იყოს ის ღვთაებრივი წამი, როცა ღმერთმა შენ გაგაჩინა და ჩემს საბედოდ დაგსახა. კურთხეულ იყოს აწ და მარადის!

კურთხეულ იყოს სამარადისოდ ქვეყნად ჟამი სიყვარულისა და წყეულ იყოს აწ და მარადის ჟამი სიძულვილისა…

კურთხეულ იყოს ჟამი სიცოცხლისა და წყეულ იყოს ჟამი სიკვდილისა…

კურთხეულ იყოს სიყვარული და უკვდავება!

მოკვდავთა გაუკვდავება სიყვარულს ძალუძს მხოლოდ, ღმერთი სიყვარულია და ღმერთი იგი შენშია!

როცა ამას წაიკითხავ ტაძარში სანთლები დაანთე და ჩვენს სიყვარულზე ღმერთს ესაუბრე.

ალექსანდრე გრიბოედოვი”