11 იანვარი, 2016

რობერტ სტურუა ბრალდებებს პასუხობს

1sturua-braldebebs-pasuxobsრუსთაველის თეატრში დადგმულმა სპექტაკლმა “კონკიამ” მაყურებელში არაერთგვაროვანი შეფასებები დაიმსახურა. თეატრში მისული მაყურებლის ნაწილს ახალი წარმოდგენა მოეწონა, ნაწილს კი – არა.

რობერტ სტურუა მაყურებელთა კრიტიკას გამოეხმაურა და ბრალდებებსაც უპასუხა:

“მოგეხსენებათ, საახალწლო და საშობაო არდადეგებისთვის რუსთაველის თეატრმა ბავშვებისთვის შარლ პეროს “კონკია” დადგა (გვინდა ტრადიციად ვაქციოთ ასეთი სპექტაკლები – იმედი გვაქვს, რომ ბავშვები ორი საათით მაინც მოწყდებიან ტელეეკრანებს და თეატრსაც შეიყვარებენ… იქნებ…).

ათი დღე, 3 იანვრიდან 13-ის ჩათვლით ჩვენი მსახიობები მთელი მონდომებით დღეში ორ-ორ წარმოდგენას თამაშობენ, ალბათ ხვდებით, რომ ეს ადვილი საქმე არ გახლავთ.

მაგრამ, როცა ხედავენ მაყურებლის რეაქციას, ბავშვების და მშობლების გაბრწყინებულ სახეებს, უხარიათ, ფიქრობენ და სჯერათ, რომ მთლად ცუდი წარმოდგენა არ გამოგვივიდა.

ვიღაცამ სთქვა: ბავშებისთვის ისეთივე სპექტაკლი უნდა დადგა, როგორც დიდებისათვის, მაგრამ უკეთესიო.

13 რიცხვამდე სულ რაღაც 2 დღე დარჩა, გეპატიჟებით. მართალია სალაროში ბილეთებს შესაძლოა ვერ იშოვოთ, იარუსებზე თუ დარჩა თითო ორი.(არ გაგიკვირდეთ, “კონკიაზე” სრული ანშლაგებია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ადმინისტრაციამ ბილეთების გვრცელება ვერ ისწავლა, ხოლო პიარმა რეკლამის ხელობა ჯერჯერობით ვერ აითვის!)

მაინც სცადეთ ბილეთის შოვნა, საქართველოში ხომ ყველა ყველას იცნობს – აი, კორუპცია, რომლითაც დაუმალავად ვიამაყებდით.
გელით.

P.S. “შობა და USA”

დღეს, დილის წარმოდგენის წინ მსახიობები ღიმილით ყვებოდნენ – ვიღაცამ ინტერნეტში გამოხატა დიდი აღშფოთება – სპექტაკლში ამერიკის დროშას უდიერად ეპყრობიანო.

სამწუხაროდ, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს ყველაფრის ცოდნა არ მოეთხოვება, მაგრამ ის ნაწყვეტი დიდი ამერიკელი დირიჟორის და კომპოზიტორის ლეონარდ ბერსტაინის “ვესტ-საიდ სტორი”-დან დედინაცვლის თემად შესანიშნავად აირჩია სპექტაკლის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა ია საკანდელიძემ…

ამ უაღრესად სატირულ სცენაში (პირველად რომ ვნახე ფილმი, მეწყინა კიდეც, ასე როგორ ლანძღავენ იანკები თავის სამშობლოს-მეთქი). სულ პატარა ქვეყნის ემიგრანტები მღერიან, რომ ამერიკა დემოკრატიის სამოთხედ წარმოედგინათ და სინამდვილეში კი…

სხვათაშორის, ის პატარა ქვეყანა აღარ არსებობს – ამერიკის შტატად ირიცხება და ბედნიერად ცხოვრობს. პუერტო-რიკა! ეს – ისე! ფილმი კი განათლებულმა ადამიანმა, დიდმა თუ პატარამ – ყველამ უნდა ნახოს, მითუმეტეს, რომ შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” თანამედროვე ვერსია გახლავთ.

თქვენი რ.ს”