Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რობერტ სტურუა: ,,არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ…’’

7 იანვარი, 2016

1sturua-teatrtzeრეჟისორი რობერტ სტურუა შობის დღესასწაულზე საჯარო განცხადებას აქვეყნებს სახელწოდებით “ჰუმანისტები”, რომელშიც ქართველი ინტელექტუალების ქმედებებზე საუბრობს.

მაესტრო მათი საქციელით გაკვირვებულია და ვერ აუხსნია ერთი რამ – საიდან ასეთი ვაჟკაცობა?!

რობერტ სტურუა:

“ყური მოვკარი, თითქოს ცნობილი ქართველი ინტელექტუალები რაღაც პეტიციას აწერენო ხელს. ძალიან გამიკვირდა – საიდან ასეთი ვაჟკაცობა?! ადრე, რაღაც არ შემიმჩნევია უსამართლოდ დატყვევებულის დასაცავად აქტიური კნავილიც კი. თუმცა, სად ეცალათ? ( ამბობენ, სან-ტროპეზის და მაიამის საკუთარ პლიაჟებზე ნებივრობდნენო.)

მერე გამახსენდა ვიღაცა ინტელექტუალმა დაწერა, რუმინელი დიქტატორი არ უნდა დაეხვრიტათ ასე არაადამიანურადო. მე ვყოფილვარ იმ დიქტატორის მმართველობის დროს და ვიცი, რა საშინელ დღეში ჩააგდო თავისი სამშობლო და თავისი ხალხი. რასაკვირველია, ის პოლიტიკოსები საკუთარი ხელით რომ გაუსწორდნენ იმ მურთხ-დიქტატორს, ბუნებრივია, მსოფლიოს თვალში სრულიადაც არ გამოიყურებოდნენ ეროვნულ გმირებად (მაგრამ პოლიტიკოსების ერთმანეთის ჟლეტვა ხალხსაც ხომ ნორმალურ აქტად მიაჩნია: “Нет человека – нет проблемы”- ამბობს საქვეყნოდ ცნობილი ქართველი.)

თვალწინ მიდგას კადრები – გაბადრული სახეები, სახალხო ზეიმი, სიხარული, რომელსაც განიცადიდა რუმინეთი “ბელადის” სასჯელის დღეს… რა შავი ჭირი უნდა მოიშორო თავიდან, რა მძიმე განსაცდელს უნდა მოეღეს ბოლო, რომ მთელი ერი ადამიანის სიკვდილს სიხარულით ხვდებოდეს!

არა, ზოგჯერ მეჩვენება, ჩვენ, ქართველებს, როგორც საბა ორბელიანის ბაყაყებს, მეფედ ან უძრავ კუნძს გვიგზავნის ღმერთი, ან – წეროს!

P.S.
არ მინდოდა დამეწერა, (მაგრამ სიმწარემ ასე იცის,) გასაჭირში მყოფს, არც ერთმა ვაჟკაცმა (ბრჭყალებში) კოლეგამ არ დამირეკა. ისე, უბრალოდ მაინც! ეტყობა მოერიდათ, ნუთუ კარიერაზე ფიქრობდნენ… კი მაგრამ, დღეს – პეტიციები??? მიკვირს… ძალიან…
ამ!

მსახიობები კი მიყვარს. ნიჭიერები კი – მითუმეტეს!
და – მაყურებელიც. (ოღონდ ვისაც მეც მოვწონვარ) ფანების კლუბს ვხსნი, როგორც ვენაში – ოდესღაც ერთმა წერომ, თუ კუნძმა!
მიაუ!”