18 იანვარი, 2016

ქართველი პიანისტის აღიარება გერმანიაში

1dudanaქართველების საამაყოდ უნდა ითქვას, რომ უცხოეთში გაბნეული ჩვენი ხელოვანი თანამემამულეები თავდაუზოგავი შრომით დიდ წარმატებებს აღწევენ და ამით საკუთარ სამშობლოს კიდევ უფრო შორს უთქვამენ სახელს.

მათ რიგებშია ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, რომელიც გერმანიაში კარგა ხანია ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის 6 ენაზე საუბრობს და ფენომენალურად უკრავს ფორტეპიანოზე. დუდანა მაზმანიშვილს კრიტიკოსმა ჰარის გოლდსმიდტმა დებიუტისთვის ნიუ იორკში “წლის აღმოჩენა” უწოდა.

ახალგაზრდა პიანისტმა არაერთი საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი მოიგო, ამჟამად დუდანა საქართველოს საელჩოში ბერლინში ქართულ კულტურას უდგას სათავეში.

გერმანიის მთავარმა რადიომ Deutschlandfunk ორსაათიანი გადაცემა მიუძღვნა დუდანა მაზმანიშვილს და მის სოლო კონცერტს რურის მუსიკის ფესტივალზე.

სასიხარულო ინფორმაცია საქართველოს ელჩმა გერმანიაში ლადო ჭანტურიამ გაავრცელა:

“გერმანიის მთავარმა რადიომ Deutschlandfunk-მა დაამთავრა ორსაათიანი გადაცემა, რომელიც მიეძღვნა ქართველ პიანისტს, დუდანა მაზმანიშვილს და მის სოლო კონცერტს რურის მუსიკის ფესტივალზე. ეს არის ამ განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი ნიჭის მქონე და შრომისმოყვარე ხელოვანის უდიდესი აღიარება გერმანიაში. გულით ვულოცავ დუდანას ამ დიდ გამარჯვებას და ბედნიერი ვარ, რომ იგი საქართველოს საელჩოში ბერლინში ქართულ კულტურას უდგას სათავეში.”