12 ნოემბერი, 2015

თამარ ივერი ქველმოქმედებისთვის

1tamar-iveriსაოპერო მომღერალი თამარ ივერი ქველმოქმედებისთვის მსოფლიო საოპერო ვარსკვლავებთან ერთიანდება. მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი “დაცული საზოგადოება” სპეციალურ კონცერტს გამართავს.

მომღერლებს აკომპანიმენტს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ორკესტრი და დირიჟორი დავით კინწურაშვილი გაუწევენ.

19 ნოემბერს რუსთაველის თეატრში გამართულ კონცერტზე იმღერებენ მსოფლიოს საოპერო მომღერლები ალისა კოლოსოვა, ვიტალი კოვალოვი, ჩარლზ კასტრონოვო, ეკატერინა სიურინა და სერგეი მურზაევი. ისინი ღონისძიებაში უსასყიდლოდ მიიღებენ მონაწილეობას.

საქველმოქმედო კონცერტი 13 ივნისს სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად გაიმართება. კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა გადაერიცხება ფონდის მიერ შერჩეულ იმ ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებმაც სტიქიის დროს მარჩენალი მშობლები დაკარგეს და ოჯახში მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანი ბავშვები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.