Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სუხიშვილების უნიკალური ფოტომატიანე საჯაროა

17 ნოემბერი, 2015

1nino-da-ilikoნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ 70 წლის წინ დაარსებული ანსამბლის უნიკალური ფოტომატიანე საჯაროა.

საქართველოს სახალხო არტისტის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ,,სუხიშვილების” ანსამბლის ყოფილი წამყვანი სოლისტის თენგიზ უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა ,,ქართულო ცეკვავ, სულო ელვისა” ანსამბლის უფროსი თაობის მოცეკვავეებს წარმოაჩენს.

თენგიზ უთმელიძეს სუხიშვილების მემატიანეს უწოდებენ და სამართლიანადაც. 20 ნოემბერს ის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში წარმოაჩენს ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის უნიკალურ შემოქმედებით მატიანეს გასული საუკუნის 60-70-იან წლებში.

ფოტოებზე შეიგრძნობა სილამაზე ქართული ცეკვისა, უზადო საშემსრულებლო ოსტატობა და პლასტიკა ანსამბლის ვირტუოზ მოცეკვავე-სოლისტთა, რომლებმაც ქართული ცეკვის განუმეორებელი ხიბლითა და თვითმყოფადობით მოაჯადოვეს მთელი პლანეტა, დაიპყრეს მსოფლიოს საუკეთესო თეატრების სცენები.

თენგიზ უთმელიძის მიერ წლების მანძილზე შექმნილი ფოტომატიანე აცოცხლებს ანსამბლის რომანტიკულ საგასტროლო ცხოვრებას, მოცეკვავეთა შეხვედრებს მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან, იმ ყველაზე წარმატებულ პერიოდს, რომელსაც თვით ქართული ცეკვის სწორუპოვარმა დედოფალმა ნინო რამიშვილმა ანსამბლის ,,ოქროს ხანა” უწოდა.

მდიდარი ფოტოარქივიდან თენგიზ უთმელიძე ამ გამოფენაზე 150-მდე ფოტოსურათს გამოფენს. ფოტონამუშევრებთან ერთად გამოიფინება გამოჩენილი მხატვრის სოლიკო ვირსალაძის მიერ ანსამბლისთვის შექმნილი ქართული კოსტიუმები.

ფოტოგამოფენა ეძღვნება ლეგენდარული ანსამბლის ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლის ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის 70 წლისთავს.

ექსპოზიცია ფოლკლორის ცენტრში 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.