12 ოქტომბერი, 2015

უნიკალური აღმოჩენა ქეთევან წამებულზე

1Ketevan_Queenკახეთის მეფის დავით პირველის მეუღლემ ქეთევან დედოფალმა თავისი გმირული საქციელით ბევრი ვაჟკაცი განაცვიფრა. როდესაც შაჰ-აბასმა ქეთევან დედოფალს გამაჰმადიანება მოსთხოვა, დედოფალი სასტიკ უარზე დადგა, რის გამოც ის საშინლად აწამეს. ქეთევან დედოფალი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

დღემდე ისტორიკოსებისა და მკვლევარებისთვის ქეთევან დედოფლის პიროვნება ინტერესის ეპიცენტრში რჩება. ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ აქამდე უცნობი სამეცნიერო საარქივო მასალები აღმოაჩინა გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს შესახებ. ახალ, უნიკალურ მასალებს შორისაა 1652 წელს ოქსფორდში დაბეჭდილი და საქართველოში გამოუქვეყნებელი ნაშრომი ქეთევან წამებულის შესახებ, ასევე, 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი ცნობა მეფე ერეკლეს სამხედრო წარმატების შესახებ.

აღნიშნული ცნობები მეცნიერული შესწავლის ობიექტი დღემდე არ ყოფილა. ამ არქივის საქართველოში ჩამოტანით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ აქამდე უცნობი სამეცნიერო მასალები შეისწავლონ და გამოიკვლიონ.