18 ოქტომბერი, 2015

თბილისში უორდროპების ძეგლი გაიხსნა

1uordropebi“თბილისობა 2015“-ის ფარგლებში უორდროპების სახელობის სკვერში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი გაიხსნა.

და-ძმა უორდროპების ძეგლის შესაქმენლად თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიამ გაიმარჯვა. ძეგლი ბრინჯაოსგან დამზადდა და სკვერში მოსეირნე ოლივერ და მარჯორი უორდროპების იმიტაციაა.

ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი ოლივერ უორდროპი საქართველოში პირველად 1887 წელს ჩამოვიდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მან დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო“. ოლივერ უორდროპმა შეისწავლა ქართული ენა და 1919 წელს ის დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უცხოელი ელჩი გახდა. ოლივერ უორდროპი სისტემატურად გზავნიდა პატაკებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით და სწორედ მან ახარა საქართველოს მთავრობას საერთაშორისო აღიარების შესახებ.

საქართველოს მისი და, მარჯორი უორდროპიც სტუმრობდა, რომელმაც შემდეგ ინგლისურ ენაზე თარგმნა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაძის “განდეგილი” და “ქართული ხალხური ზღაპრები”.

უორდროპებმა თავისი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას მიუძღვნეს. მათი ძალისხმევით შეიქმნა ევროპაში ყველაზე მდიდარი ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა.