17 ოქტომბერი, 2015

საპატიო თბილისელები დააჯილდოვეს

1sapatio-tbiliselebi“თბილისობა 2015” საპატიო თბილისელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით ეროვნული ბიბლიოთეკის ეზოში გაიხსნა.

საპატიო თბილისელის წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმა ფოლად ბულბულ ოღლიმ, ექიმმა ბესიკ იაშვილმა, მეცნიერმა მზექალა შანიძემ, მხატვარმა გია ჯაფარიძემ, არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმა ქეთევან დოლიძემ და გიორგი შენგელაიამ.

ყველა საპატიო თბილისელს სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადაეცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს. ბორჯღალოსნებს „წლის წარმატებული სპორტსმენის“ სპეციალური სამკერდე ნიშნებიც გადასცეს.

საპატიო თბილისელის დაჯილდოება “თბილისობის” განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს, თბილისობის პირველ დღესასწაულზე ჩაეყარა. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ხელოვნების, სპორტის და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს ყოველწლიურად ენიჭებათ.