23 ოქტომბერი, 2015

პაატა ბურჭულაძის საგანგებო მიმართვა

1paatas-mimartvaსაოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე თავისი განცხადებებით ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ხელოვანი ამჯერადაც საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, ერთად იზრუნონ სიტუაციის განმუხტვაზე.

პაატა ბურჭულაძე:

“ის, რაც დღეს ხდება რუსთავი 2-ის გარშემო საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ჩვენ ყველამ არაერთხელ გამოვიარეთ, ძალიან შემაშფოთებელია ის აშკარა ფაქტი, რომ ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესმა კვლავ გააჩინა ორი დაპირისპირებული მხარე. დაძაბულობა მართლაც, რომ პიკს აღწევს და მივიჩნევ, რომ დაუყონებლივ საჭიროა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც სიტუაციის განმუხტვაზე იმუშავებს.

ისევე, როგორც ალბათ მრავალ ქართველს, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ბედი და სახელმწიფოებრიობა, მეც მინდა მჯეროდეს, რომ მიმდინარეობს სასამართლო დავა კერძო საკუთრებაზე, მაგრამ ამ აზრის განვითარებისთვის არგუმენტების სიმწირე უამრავ ეჭვს ბადებს. მით უფრო დამაფიქრებელია ამ თემის გააქტიურება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და სხვადასხვა ტელეკომპანიაში დახურული პოლიტიკური თემატიკის გადაცემების ფონზე.

მივმართავ თხოვნით ყველას, ვის კომპეტენციაშიც ეს საკითხი შედის – იმისათვის, რომ განიმუხტოს არსებული დაძაბულობა და გაქარწყლდეს ეჭვები გთხოვთ, გადაიდოს სასამართლო პროცესი არა 26 ოქტომბრამდე, არამედ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე.”