23 ოქტომბერი, 2015

გრიბოედოვის თეატრი იუბილარია

1griboedov-170გრიბოედოვის თეატრი იუბილარია. სპეციალურად ამ სადღესასწაულო ღონისძიებისთვის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება და მათში მონაწილეობას მიიღებენ ქართული თეატრის წარმომადგენლები, მსოფლიო კულტურის ცნობილი მოღვაწეები, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები 21 ქვეყნიდან.

წელს თეატრი დაარსებიდან 170 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებები ოთხ დღეს გასტანს.

26 ოქტომბერს სპექტაკლით „წარსულის ეტლში. მსახიობის მონოლოგი“ აღინიშნება აშშ-ში მცხოვრები საქართველოს სახალხო არტისტის ბორის კაზინეცის 85 წლის იუბილე.

27 და 28 ოქტომბერს გაიმართება კონფერენცია „რუსული თეატრი საზღვარგარეთ. პრობლემები და პერსპექტივები“. მრგვალი მაგიდების მსვლელობისას განიხილება თეატრალური პროცესის სხვადასხვა საკითხი – განათლება და ახალგაზრდა მსახიობების დასაქმება, საფესტივალო მოძრაობა, საგასტროლო საქმიანობა, მას-მედიის როლი.

მოეწყობა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გიორგი ტოვსტონოგოვი – ვიხსენებთ მაესტროს“ და მიეძღვნება სახალხო არტისტის, თბილისის საპატიო მოქალაქის გიორგი ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს.

გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე ნაჩვენები იქნება სპექტაკლი „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“, რომელიც ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა დადგა. სპექტაკლს XI საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრი მიენიჭა.

27 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება მასშტაბური საიუბილეო ექსპოზიცია, რომელიც თეატრის ისტორიას და თანამედროვეობას მიეძღვნა. ეს იქნება პირველი ღია თეატრალური მუზეუმი საქართველოში, რომლის დათვალიერებას შეძლებს ყველა, ვინც გრიბოედოვის თეატრს ეწვევა. მუზეუმის ექსპოზიციას შეადგენს რამდენიმე ათასი ერთეული – აფიშები, დეკორაციების მაკეტები, კოსტუმები, უნიკალური ფოტომასალა.

გაიმართება სხვადასხვა საიუბილეო წიგნის პრეზენატაცია: გრიბოედოვის თეატრის ისტორიისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომი, სადღესასწაულო “უვადო” კალენდარი, წიგნები სერიიდან „რუსები საქართველოში“, მიძღვნილი გიორგი და სანდრო ტოვსტონოგოვების, პაველ ლუსპეკაევის, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს და ლეონიდ ვარპახოვსკისადმი.

28 ოქტომბერს დიდ დარბაზში დაგეგმილია საზეიმო საიუბილეო საღამო, მიძღვნილი თეატრის 170-წლისთავისადმი. დიდ ფოიეში გაიხსნება სახალხო არტისტის გიგა ლორთქიფანიძის და რუსეთის სახალხო არტისტის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ლეონიდ ვარპახოვსკის მემორიალური დაფები.

საიუბილეო დღეებს 29 ოქტომბერს დაასრულებს დიდი პრემიერა – ავთანდილ ვარსიმაშვილი მაყურებელს ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორს“ შესთავაზებს.