2 ოქტომბერი, 2015

ანზორ ერქომაიშვილს დააჯილდოვებენ

1anzor-erkomaishviliანსამბლ “რუსთავის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს დააჯილდოვებენ. მის არაერთ პრიზსა და ჯილდოს, კიდევ ერთი საპატიო საჩუქარი შეემატება.

ხობის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ ფარგლებში 3 ოქტომბერს ხობის ცენტრში გაიმართება ანსამბლ „რუსთავის“ ანთოლოგიის პრეზენტაცია, რომელიც ანსამბლის 16 მუსიკალურ დისკს (380 სიმღერას) აერთიანებს.

ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სტუმარს, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს.

წლევანდელი ფესტივალი ანსამბლ „რუსთავისა“ და მომღერალ თამარ გვერდწითელის შემოქმედებას ეძღვნება, ამიტომაც ფესტივალის მთავარი სტუმრები ანსამბლი “რუსთავი” და თამარ გვერდწითელი იქნებიან. ანსამბლ “რუსთავის” ანთოლოგიის გარდა, გამოიცა თამარ გვერდწითელის აუდიოალბომიც. კონცერტში მათთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ფოკლორული ანსამბლი და საესტრადო შემსრულებელი.

ფესტივალის ფარგლებში, ხობის თეატრის მიმდებარე ხეივანში მოეწყობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ეთნო-კუთხე, გაიმართება ექსკურსიები, გამოცემების პრეზენტაციები, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება, ხეთის თეატრონზე გალა კონცერტი და საზეიმო ფოიერვერკი.

ხობის ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით ტარდება.