11 სექტემბერი, 2015

რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა

1rezo-cheishvili82 წლის ასაკში მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რეზო ჭეიშვილი ქუთაისში დაიბადა და მთელი თავისი ცხოვრება მშობლიურ ქალაქში გაატარა.
მწერალმა პირველი მოთხრობები სტუდენტობისას ახალგაზრდულ ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა. წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში “ცისკარი”, “საუნჯე”. ის იყო რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, გაზეთ „მოწამეთისა” და ჟურნალ „მწვანე ყვავილის“ რედაქტორი.

შემოქმედი განსაკუთრებით ცნობილი გახდა “ცისფერი მთების” გამო, რომელიც 1983 წელს მისი და ელდარ შენგელაიას სცენარის მიხედვით საბჭოთა ცენზურის პირობებში შეიქმნა. მწერლის სცენარებით გადაიღეს ფილმები “მზიანეთი”, “ზღვის მგელი”, “ავტოპორტრეტი”, “ფედია”, “ჩემი მეგობარი ნოდარი”, “გამოაღეთ ფანჯრები”, “გათენების წინ”, “ჭიდაობას რა უნდა”, “ექსპრეს – ინფორმაცია”.

საქართველოს მწერალთა ყრილობაზე ის არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 15 წლის განმავლობაში იყო საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე. ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო რეზო ჭეიშვილს მიანიჭეს რუსთაველის პრემია, მოგვიანებით კი ბრწყინვალების ორდენი.