Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზურაბ სოტკილავა ბათუმში იმღერებს

23 აგვისტო, 2015

1zurab-sotkilavaaქართველი ტენორი ზურაბ სოტკილავა ბათუმში იმღერებს. ის მონაწილეობას მიიღებს ელისო ბოლქვაძის მიერ გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში. კონცერტი იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. საღამოდან შემოსული თანხა გადაირიცხება ომში დაზარალებული სირიელი ბავშვებისთვის, იუნესკოს პროგრამების ფარგლებში.

“მუსიკა მშვიდობისთვის” – ასე ეწოდება 15 სექტემბერს დაგეგმილ გალაკონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, დირიჟორი დავით კინწურაშვილი, სოლისტები პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ტენორი ზურაბ სოტკილავა და ანსამბლი “ქართული ხმები”.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზურაბ სოტკილავა სიმსივნით არის დაავადებული და ყველა დაგეგმილი კონცერტი მკურნალობის გამო გააუქმა, ეს მისი პირველი კონცერტი იქნება. მან რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს სასიამოვნო ინფორმაცია გააცნო – ქართველმა საოპერო მომღერალმა დაამარცხა ონკოლოგიური დაავადება და ამჟამად სრულიად ჯანმრთელია.
მომღერლის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს, ქიმიოთერაპიის კურსებიც დაასრულა, გამოკვლევებიც ჩაიტარა, კომპიუტერული ტომოგრაფიაც გადაიღო, სისხლის ანალიზებიც ჩააბარა და ყველა პასუხი დადებითია.

– ყველანაირად გამომიკვლიეს და ჯანმრთელი ვარ. ამ მძიმე დღეების განმავლობაში არაერთი გულშემატკივარი და ახალი მეგობარი გავიჩინე. ჩემს გამოსაჯანმრთელებლად სრულიად უცნობმა ადამიანებმა ილოცეს, ეკლესიაში სანთლები დაანთეს, ყველაფერი საუკეთესო მისურვეს. თითოეული მათგანის მადლობელი ვარ. მათი თანადგომით სიმსივნე დავამარცხე, თუმცა ეს ისეთი დაავადებაა, როდის და სად გამოხტება არავინ იცის, – განუცხადა ქართველმა საოპერო მომღერალმა ჟურნალისტს.

ოპერაცია ზურაბ სოტკილავას გერმანიაში ჩაუტარდა, მკურნალობა კი რუსეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაგრძელდა. მომღერალი მადლიერებას გამოხატავს ორივე ქვეყნის მედპერსონალის მიმართ და არ ნანობს, რომ თავისი ჯანმრთელობა მათ ანდო. მან მოუწოდა სიმსივნით დაავადებულებს, ბოლომდე იბრძოლონ, არ დანებდნენ და სასურველი შედეგიც აუცილებლად დადგება.

– ყველაზე რთულ მომენტებში მაძლებინებდა ფიქრი ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს ადამიანებზე. თითოეულ ადამიანში შინაგანად არის რაღაც უხილავი ძალა, რომელიც შეუძლებელსაც შეაძლებინებს. ყველაფერს სიხარულით და მადლიერებით უნდა შევხვდეთ – ახალი დღის გათენებას, საყვარელ ადამიანებთან ყოფნას, თითოეულ წამს ამ ცხოვრებაში. სწორედ ეს დამეხმარა სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში, – ამბობს ზურაბ სოტკილავა.

საოპერო მომღერალმა უკვე დაიწყო შემოქმედებით სიახლეებზე ფიქრი. მას არ სურს დიდი შესვენება ჰქონდეს კარიერაში, ამიტომ სცენას უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

– ძალიან ოპტიმისტი ვარ და დავგეგმე კიდევაც ჩემი უახლოესი კონცერტები. არ ვაპირებ დიდხანს ვიყო ჩემი საყვარელი საქმიანობის გარეშე და სულ მალე ჩემს მონატრებულ მსმენელს ისევ შევხვდები, – აღნიშნა საუბრის დასასრულს ზურაბ სოტკილავამ.