6 აგვისტო, 2015

ვარძიასთან მიწისძვრა მოხდა

1vardzia 6 აგვისტოს თბილისის დროით ღამის 03 საათსა და 56 წუთზე ვარძიის კომპლექსიდან 6 კილომეტრის მანძილზე 3.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. 3.8 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ვარძიის კომპლექსიდან 30 კილომეტრის დაშორებით, თურქეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა 5 აგვისტოსაც.

მიწისძვრის რხევები ვარძიის კომპლექსური მონიტორინგის სისტემაში შემავალმა სეისმურმა აპარატურამ, განლაგების შვიდივე წერტილზე დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ ორივე მიწისძვრის სიძლიერე საშუალოზე ნაკლებია.

ვარძიის გადარჩენის მიზნით, კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ტერიტორიაზე ულტრა თანამედროვე სარადარო სისტემა მუშაობს. ზემგრძნობიარე რადარი 2 მმ-ის სიზუსტით აფიქსირებს ვარძიის ნებისმიერი სახის დეფორმაციას, ბზარების დინამიკას, შიდა მოძრაობასა და კლდოვან მასათა გადაადგილებას.

ვარძიის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პარტნიორები არიან ილიას უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებმაც სარადარო ჩანაწერების ანალიზი უკვე განახორციელეს, სადაც მკაფიოდ ჩანს კომპლექსზე ასახული მიწისძვრის შედეგი.

ვარძიის ფასადის რადარული სკანირებისას მიწის ან კლდის მასივის ჩამოშლა არ დაფიქსირებულა. დაკვირვების სპეციფიკიდან გამომდინარე მოხდება მიწისძვრის შემდგომი 10 დღიანი პერიოდის დეტალური შესწავლა, მისი ზემოქმედების დადგენის მიზნით.