10 აგვისტო, 2015

უნიკალური აღმოჩენა ჭუბერში

1agmochena-chubershiარქეოლოგები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე უნიკალურ აღმოჩენებს აკეთებენ. ამჯერად აღმოჩენა ჭუბერში გაკეთდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული მეტალურგიული ქურები და კარიერები აღმოაჩინა.

მკვლევარების ვარაუდით, ადგილზე წარმოებული პროდუქციით და ნედლეულით იმ პერიოდში არა მარტო კოლხეთი, არამედ აღმოსავლეთის სახელმწიფოებიც მარაგდებოდა. ქვით ნაშენები ქურები თაბაშირით არის მოპირკეთებული და დამეწყრილ ადგილებშიც კი პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული.

ტერიტორიაზე აღმოჩენილია როგორც ქურების ნაწილები, ასევე რკინის გადამუშავების შედეგად დარჩენილი მასალები და თავად დამუშავებული რკინის ნიმუშებიც. არქეოლოგიურმა სამუშაოებმა გამოავლინა, რომ მსგავსი ქურები 50-60 ჰექტარზე უნდა იყოს გაშლილი. მკვლევარების თქმით, ასეთი მასშტაბის ე.წ. მეტალურგიული დასახლება იშვიათია და თანაც არა მხოლოდ საქართველოში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე 10-დღიანი კვლევის შემდეგ მუშაობა დაასრულა, მომავალ წელს კი კვლევა მიმდებარე ტერიტორიაზე განახლდება.