2 აგვისტო, 2015

ყაჩაღიანზე აღმოჩენილი მასალებისთვის სამუზეუმო სივრცე შეიქმნება

1saydrisis-masalebiკულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი ბოლნისის სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე კონკურსს აცხადებენ, სადაც ყაჩაღიანზე აღმოჩენილი მასალები განთავსდება.

კონკურსი ეროვნული მუზეუმის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ კონცეფციასა და ტექნიკურ დავალებაზე დაყრდნობით გამოცხადდება.

ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცე ყაჩაღიანის ობიექტზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე შეიქმნება. მისი ძირითადი ფუნქციები იქნება არტეფაქტების კვლევა და კონსერვაცია, ასევე გამოფენები (როგორც მუდმივმოქმედი, ასევე დროებითი), საზოგადოებრივი განათლება და რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება.

საუკეთესო საკონკურსო წინადადებას სპეციალური კომისია გამოავლენს, რომელიც კულტურის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალტეტის, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენლებით და მიწვეული ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული.

გამარჯვებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნისთვის საჭირო თანხას კომპანია “RMG GOLD” გაიღებს. კომპანია დეტალური პროექტის წარდგინების შემდეგ პროექტის განხორციელებას (მშენებლობას) სრულად დააფინანსებს. დაინტერესებულ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მიღება და საკონკურსო წინადადების წარდგენა 15 სექტემბრამდე შეეძლებათ.

კონკურსის პირობები 3 აგვისტოს კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.