30 აგვისტო, 2015

ქართველი მომღერლის ფურორი უკრაინულ ,,იქს ფაქტორში’’

1gigi-adamashviliუკრაინულმა “იქს ფაქტორმა” უკვე მეექვსედ აიღო სტარტი და მასში ადგილობრივ კონკურსანტებთან ერთად, ქართველი მომღერლებიც მონაწილეობენ. ჟიურიში მეორე სეზონია ნინო ქათამაძეა მიწვეული და თავის უკრიანელ კოლეგებთან ერთად კონკურსანტებს აფასებს.

16 წლის გიგი ადამაშვილმა უკრაინულ “იქს ფაქტორში” ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან Bob Dylan-ის Make You Feel My Love-ს თავისი ვერსია შეასრულა და ჟიურის და დარბაზის მონუსხვა პირველივე წამიდან შეძლო.

ქართველი კონკურსანტის ვიდეოს ინტერნეტში ათასობით ნახვა და დადებითი კომენტარები აქვს.

“არტინფო” გიგი ადამაშვილს გაგაცნობთ:

– გამარჯობათ, მე ვარ გიგი ადამაშვილი, 16 წლის თბილისელი. ვსწავლობ სკოლაში. ვერ ვიტყვი, რომ კარგად. ჩემი მომავალი გეგმები მთლიანად მუსიკასთან არის დაკავშირებული..

– გიგი, ბავშვობიდან მღერით?

– 11 წლის ვიყავი პირველად გიტარაზე დაკვრა რომ დავიწყე. 12 წლიდან ავმღერდი.

– რატომ არ გიცნობთ ქართველი მსმენელი?

– მხოლოდ ერთ პროექტში ვიღებდი მონაწილეობას საქართველოში ,,ახალი საბავშვო ხმა”. ეს პროექტი ბევრს არ ახსოვს. თან მაშინ პატარა ვიყავი, ამიტომ არ მიცნობს ქართველი მსმენელი.

– რამ გადაგაწყვეტინათ უკრაინულ “იქს ფაქტორში” მონაწილეობა?

– უკრაინის “იქს ფაქტორის” კასტინგი გამოცხადდა თბილისში, მეც ვცადე და გავედი. ჩემი შანსი იყო, რომელიც, ვფიქრობ, სწორად გამოვიყენე. თან ნინო ქათამაძე იყო ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ამანაც დიდი სტიმული მომცა მიმეღო მონაწილეობა უკრაინულ “იქს ფაქტორში”. დიდი გამოცდილება მივიღე ნამდვილად.

– რას ნიშნავს თქვენთვის ის ფაქტი, რომ ჟიურიში ქართველი მომღერალია, თან არც მეტი, არც ნაკლები, ნინო ქათამაძე?

– ჩემთვის ნინო ქათამაძის იქ ყოფნა იყო დიდი სიხარული, რადგანაც ნინო მიყვარს როგორც შემსრულებელი, როგორც მუსიკოსი. თან როდესაც ესეთი დონის შემსრულებელს შენი ნამღერი მოსწონს, ვფიქრობ რომ ეს უბრალოდ დიდი კომპლიმენტია.

– თქვენი ვიდეო ინტერნეტში ძალიან პოპულარულია. ელოდით ასეთ შეფასებას?

– მე ველოდი კარგ და ნორმალურ გამოხმაურებას, მაგრამ ასეთს – ნამდვილად არა. ცოტა შოკში ვარ სიხარულისგან. მადლობა ყველას!

– ბობ დილანი ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებელია მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში. რატომ შეარჩიეთ მისი ეს კომპოზიცია?

– ეს კომპოზიცია ძალიან მიყვარს, თავისი სიღრმე აქვს. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ამ სიმღერას კარგად გადმოვცემდი. მგონი გამომივიდა.

– რას იტყვით თქვენს კონკურენტებზე? არიან მათ შორის ქართველები?

– კი, ბევრი ქართველი იღებს მონაწილეობას. ყველანი ვმეგობრობთ, გვიხარია ერთმანეთის წარმატება.

– გაქვთ გამარჯვების იმედი?

– გამარჯვების ნაკლებად, ხალხისგან იმხელა სითბო მოდის რა გამარჯვება?! ეს არის გამარჯვება და ეს არის სტიმული. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

– ქართველი მაყურებლისთვის თუ გეგმავთ რამეს?

– აუცილებლად ვგეგმავ ბევრ საინტერესო ამბავს.