1 აგვისტო, 2015

ნიკორწმინდა 1000 წლისაა

1nnikoorwmindaსაქართველოს სიამაყე, ერთ-ერთი უნიკალური ტაძარი ნიკორწმინდა 1000 წლისაა. ამ თარიღთან დაკავშირებით, რაჭაში დაფუძნდა ნიკორწმინდის მხატვრული სიტყვის ფესტივალი “ფუძემზეობა”. ფესტივალი პირველ აგვისტოს ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, იქ, სადაც 1912 წელს რაჭის საზოგადოებამ უმასპინძლა საქართველოს მგოსანს, აკაკი წერეთელს.

ფესტივალის ორგანიზატორი გურამ გორდეზიანი აცხადებს, რომ “ფუძემზეობა” ყოველწლიური გახდება და მისი მასშტაბებიც წლიდან წლამდე გაიზრდება:

“ფესტივალი პირველად იმართება და ჩვენზეა დამოკიდებული გახდება თუ არა იგი სახალხო დღესასწაული მომავლისათვის… მისი გახსნის პატივი ჩვენი მხრიდან ერგო პოეტსა და ისტორიკოს-ეთნოლოგს ბადრი სულაძეს, რომლის შემოქმედებაც რაჭული კილოკავისა და მეტყველებითი დიალექტის ხალხისათვის, მომავლი თაობებისათვის დაბრუნების, შეუფასებელი ღვაწლი და მცდელობაა. მე თუ მკითხავთ, სირცხვილიც კია ყველა რაჭველი არ იცნობდეს და არ ფლობდეს მის წიგნებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი რეგიონის შემოქმედებითი კოლექტივები და სახალხო მთქმელები. მომავალი წლიდან კი მთელი საქართველო წარმოსდგება თავისი მხატვრული სიტყვის ოსტატებითა და ფოლკლორული ანსამბლებით. “ნიკორწმინდა” მხატვრულ სიტყვაშიც კი უბადლოა!!!… ნიკორწმინდა მთელი საქართველოა!!!”