Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლალი კანდელაკის უმარტივესი რეცეპტი წარმატებისთვის

3 აგვისტო, 2015

1lali-kandelakiქართველი ბალერინა ლალი კანდელაკი თავის პროფესიაში წარმატებულია. ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლე ამბობს, რომ ამისთვის უმარტივესი რეცეპტი არსებობს. ბალერინამ ბელორუსში ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმულ ბალეტში “ლაურენსია” მთავარი პარტია იცეკვა. მინსკის დიდ თეატრში ქართველი ბალერინას გამოსვლას დიდი მოწონება ხვდა წილად.

ლალი კანდელაკი:

– მინსკის თეატრი ჩვენთვის უცხო არ არის. ბევრჯერ გვქონდა გასტროლი. იმის შემდეგ, რაც ნინო ანანიაშვილმა აღადგინა იქ “ლაურენსია”, დაებადათ სურვილი ამ სპექტაკლში ჩემი ნახვის და მიმიწვიეს.

– თქვენ ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლე ხართ. ეს ფაქტი თქვენთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა?

– რა თქმა უნდა, ორმაგი პასუხისმგებლობაა. მე ვთვლი რომ არ მაქვს უფლება, მისი სპექტაკლების ცუდად შესრულების, ან მათზე უარის თქმის.

– თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ამ პარტიის მთავარი და უცვლელი შემსრულებელი ხართ. ეს ფაქტი რას ნიშნავს თქვენთვის?

– ჩვენს სცენაზე, მე ერთადერთი შემსრულებელი ვარ, ჯერჯერობით. ეს ჩემთვის სასიხარულოა და ასევე, სამწუხაროც. იმდენად რთულია ჭაბუკიანის სპექტაკლების შესრულება, რომ ჯერჯერობით არ მოიძებნა, არა მარტო ჩვენს თეატრში, არამედ მსოფლიოს სცენებზე მისი ბალეტების უნაკლო შემსრულებელი.

– როგორია ლალი კანდელაკის წარმატების მთავარი რეცეპტი?

– რეცეპტი მარტივია – უნდა გჯეროდეს!

1lali-kandelaki1

– ულამაზესი, მაგრამ ხანმოკლე პროფესია გაქვთ. მომავალში პედაგოგობას აპირებთ?

– მე პედაგოგობა უკვე დავიწყე. თეატრში პედაგოგ-რეპეტიტორიც ვარ და ეხლა ვხსნი ჩემს სტუდიას, სადაც 6 წლიდან მიიღებიან ბავშვები და მაქსიმალურად ვეცდები, წარმატებული მომავალი თაობა აღვზარდო.

– ყველა გოგონას ოცნებაა გახდეს ბალერინა. რა არის ამ ოცნების რეალურად განხორციელებისთვის საჭირო?

– ძალიან ძნელია ამ პროფესიის არჩევა. ცეკვა ყველას უყვარს, მაგრამ ბალეტი უბრალოდ ცეკვის პროფესია არაა. აქ ყველა სინთეზი ერწყმის ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ ეს პროფესია ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა და თუ აირჩიეს, მაშინ მაქსიმალურად უნდა დაიხარჯონ.

– აქვს თუ არა თქვენთვის მნიშვნელობა, რას წერს თქვენზე პრესა?

– რა თქმა უნდა, პრესას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ხშირი სტუმარი არ ვარ პრესის, სამწუხაროდ. ჩემი არსებობა არ იცის 90 პროცენტმა. არ იციან რომ მე ერთადერთი ოქროს მედლის მფლობელი ვარ საქართველოს ბალეტის ისტორიაში და ბევრი სხვა.

– მისაღებია თუ არა თქვენთვის კრიტიკა?

– რა თქმა უნდა, მისაღებია. კრიტიკის გარეშე, მე ვფიქრობ, არც ერთი პროფესია და პროფესიონალი არ უნდა დარჩეს. ეს აუცილებელიც არის.

– შემოდგომაზე განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრი იხსნება. როგორია თქვენი მოლოდინი?

– მოლოდინი დიდია, ძალიან მინდა კიდევ ერთხელ დავდგა ამ სცენაზე ფეხი და, რა თქმა უნდა, წარმატებულად.

– რას სიახლეებს შეასთავაზებთ განახლებულ თეატრში მოსულ მაყურებელს?

– ვემზადებით ჭაბუკიანის კიდევ ერთი სპექტაკლის “გორდას” გამოსაშვებად. ამ სპექტაკლის აღდგენაზე მე ვმუშაობ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარს ჩემი მაყურებელი, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს – მარტო ნინო და ირმა არ არის ჩვენი ისტორია!!!