1 აგვისტო, 2015

ბათუმის თეატრს ახალი სცენა აქვს

1batumiბათუმის დრამატულ თეატრს ახალი სცენა შეემატა. მისი საზეიმო გახსნა 4 აგვისტოს გაიმართება. 4 და 5 აგვისტოს მაყურებელი ორ ახალ სპექტაკლს ნახავს.

4 აგვისტოს რეჟისორი ზაზა სიხარულიძე ლილიანა კავანის “ღამის პორტიეს” პრემიერას გამართავს. თარგმანი ირაკლი სამსონაძეს ეკუთვნის, მხატვარი ვახტანგ ბესელიაა, კოსტიუმების მხატვარი გოგლა გოგიბერიძე, მხატვრული განათება რევაზ ლორთქიფანიძე, ვიდეო გადაღება ალექსანდრე აბაშიძე, ვიდეო მონტაჟი ამირან ვადაჭკორია, ხმის ოპერატორი ნანა ქობულია, რეჟისორის თანაშემწე ზვიად მურვანიძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ ზაალ გოგუაძე, ია ვახანია, დავით ჯაყელი, მამუკა მანჯგალაძე, ლევან თედორაძე, გოგიტა მეგრელიძე, გიორგი ფირცხალაშვილი და ლაშა კონცელიძე.

– რეჟისორი ზაზა სიხარულიძე გახმაურებული ამერიკული ფილმის „ღამის პორტიე“-ს სცენურ ვერსიას სთავაზობს მაყურებელს, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავისი თემატური არჩევანითაა საინტერესოცა და ნიშანდობლივიც. ფაშისტური რეჟიმი, საკონცენტრაციო ბანაკი და იქ, იმ კოშმარში, ჯალათსა და თავის მსხვერპლს შორის წვეული სიყვარული. რა განვითარებას პოულობს ეს ამბავი წლების შემდეგ, როგორ იცვლებიან, თუ არ იცვლებიან ამ ისტორიის მთავარი გმირები, რა განაჩენი გამოუტანა იატაკქვეშეთში გადანაცვლებულმა რეჟიმმა შეყვარებულ წყვილს? – ასეთია 4 აგვისტოს დაგეგმილი პრემიერის ანოტაცია.

5 აგვისტოს მაყურებელს პრემიერას უკვე ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე შესთავაზებს. “ბონდოს ღამე” ინგმარ ვილკვისტის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა და გადმოქართულებული ვერსიის ავტორი ირაკლი სამსონაძეა.

ერთმოქმედებიანი სპექტაკლის სცენოგრაფი გოგლა გოგიბერიძეა, მუსიკალური გამფორმებელი თენგიზ შამილაძე, რეჟისორის თანაშემწე ბაია ბოჭორიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ მაია ცეცხლაძე და ტიტე კომახიძე.

– თანამედროვე პოლონელი დრამატურგის, ინგმარ ვილკვისტის ორ პერსონაჟს შორის გათამაშებული მძაფრი დრამა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ანდრო ენუქიძემ ქართულ სინამდვილეს მოარგო. „ბონდოს ღამე“ ჩვენს უახლოეს წარსულზე გვიამბობს უაღრესად მტკივნეულ, ადამიანური ვნებებით დამუხტულ, დამაფიქრებელ ისტორიას ცოდვა-მადლზე, ბრბოს სისასტიკესა და მსხვერპლზე, – ნათქვამია ბათუმის თეატრის მიერ გავრცელებულ ანოტაციაში.