28 ივლისი, 2015

UEFA-ს სუპერთასის მატჩზე ლიცენზირებული მუსიკა გაიჟღერებს

1uefa11 აგვისტოს „დინამო არენაზე“ UEFA-ს სუპერთასის მატჩი გაიმართება, სადაც ლიცენზირებული მუსიკა გაიჟღერებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შეიძინა იმ მუსიკის ლიცენზია, რომელიც მატჩის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე გაჟღერდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში, UEFA-ს სუპერთასის მატჩზე მუსიკის გამოყენებისთვის საჭირო საავტორო უფლებების ლიცენზიას ხელი მოეწერა.

ლიცენზიას ხელი მოაწერეს სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ.

ლიცენზიის საფუძველზე, ფეხბურთის ფედერაცია მუსიკალური ნაწარმოებების ავტორებს კუთვნილ ჰონორარს გადაუხდის, რომელიც ადრესატამდე საავტორო უფლებათა ასოციაციის მეშვეობით მივა.

ზვიად სიჭინავა:

„უეფას წარმომადგენლებს ძალიან გაუკვირდათ იმის გაგება, რომ სტადიონს მსგავსი ლიცენზია შეძენილი არ ჰქონდა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვეცვა კანონი და როგორც წესია, 11 აგვისტოს, სტადიონზე გაჟღერებული ყველა მუსიკა იქნება ლიცენზირებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ერთეული შემთხვევა არ იქნება და ჩვენ ვეცდებით, სამომავლოდ, ჩვენს სტადიონებზე ეს პრაქტიკა დავამკვიდროთ.“

გიგა კობალაძე:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან კარგი და სწორი ნაბიჯი გადადგა, რისთვისაც მადლობას ვუხდი ბატონ ზვიადს. დიახ, 11 აგვისტოს მატჩზე, ყველაფერი წესისა და კანონის მიხედვით იქნება. საავტორო უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ფეხბურთის ფედერაცია მუსიკის ავტორებს ჰონორარს გადაუხდის, რომელსაც შემდეგ ჩვენი ასოციაცია მიიტანს ადრესატებამდე.“