2 ივლისი, 2015

სალომე ქათამაძე: ,,ყველაფერს მალე გაიგებთ!’’

11salomeქართველი მომღერალი სალომე ქათამაძე ამერიკაში წავიდა და ამით საკუთარ თავს კიდევ ერთი მიზანი დაუსახა – არ გაჩერდეს და დაამტკიცოს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. სალომეს თქმით, ის ამერიკაში თავისი პროფესიით მუშაობს, თუმცა წინასწარ არ ამხელს იმ სიახლეებს, რომელიც მის კარიერაშია. ქართველი მომღერალი ამბობს, რომ ამის შესახებ ყველა ძალიან მალე გაიგებს.

სალომე ქათამაძე:

– ამერიკაში ჩამოვედი იმისთვის, რომ ვიმღერო და ვმუშაობ ჩემი პროფესიით. ასევე გავაკეთეთ ჯგუფი და სტუდია, რის შესახებაც ძალიან მალე გაიგებთ.

– რამდენად რთულია თავის დამკვიდრება ამერიკაში?

– თავის დამკვიდრებისთვის აქ ძალიან დიდი ბრძოლა და შრომაა საჭირო. ეს ქვეყანა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და თუ მოდუნდი, ისევ საკუთარ თავს აყენებ ზიანს. ამიტომ აქ თავის დამკვირდება რთულია.

– წარმატებისთვის მხოლოდ ნიჭი საკმარისია?

– მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია ვიზუალიც და შრომის და საქმისადმი სწორი მიდგომა, ასევე ხასიათი, რომელიც უნდა იყოს მებრძოლი.

– რამდენად დაგეხმარათ სხვადასხვა კონკურსები და ფესტივალები ამერიკაში კარიერის ასაწყობად, თუნდაც იურმალა, ახალი ხმა…

– კონკურსები ყოველთვის დიდ როლს ითამაშებს ჩემს კარიერაში, არ არის კონკურსების მოგება მარტივი და მით უმეტეს, როგორიცაა ახალი ხმა ან ახალი ტალღა, ამიტომ ეხლაც და მომავალშიც დიდ როლს ითამაშებს ჩემს კარიერაში მსგავსი კონკურსები თუ ფესტივალები.

– შეგიძლიათ გაავლოთ პარალელები ქართულ სამუსიკო სფეროსა და ამერიკულ სამუსიკო სფეროს შორის?

– ძალიან რთულია პარალელის გავლება, ალბათ იმიტომ რომ, სრულიად განსხვავებულია ყველაფერი აქ – მასშტაბები, გემოვნება, გზა რომელიც უნდა გაიარო და რიტმიც, ამიტომ ვერ ჩამოვაყალიბებ ზუსტად. ალბათ მომავალში უფრო შემეძლება ამაზე პასუხის გაცემა.

– ხომ არ ნანობთ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება რომ მიიღეთ?

– არ ვნანობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა ამ ქვეყანამ, არა მარტო მუსიკალური, არამედ ცხოვრებისეულიც. ასე რომ, არ ვნანობ, ვიცი ჩემი მიზანი რა არის და მივილტვი შესასრულებლად. ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს.

– სალომე, როგორ უმკლავდებით ნოსტალგიას?

– ძალიან მიჭირს ნოსტალგიასთან გამკლავება. როგორც იცით, ყველა ემიგრანტს ძალიან უჭირს და ალბათ რომ არ არსებობდეს ინტერნეტ საშუალებები, ვერც გავუძლებდი. ხშირად სუნთქვაც შეიძლება შემეკრას, იმდენად მაწვება ოჯახის, მეგობრების და ჩემი ქვეყნის მონატრება.

– ახლა როცა ამერიკაში ხართ, ვისთან ერთად ჩაწერდით დუეტს?

– ოოო, ბევრთან ძალიან და დიდი სიამოვნებით, ვერ დავკონკრეტდები ამაზე.

– ჯესი ჯეისთან ჩაწერილ დუეტზე რას იტყვით? საქართველოში ეს ვიდეო ძალიან პოპულარულია. ელოდით ასეთ გამოხმაურებებს და გჯერათ, რომ ჯესი ჯეი ნახავს ამას და დუეტის ჩაწერას მართლა შეძლებთ?

– რაც შეეხება ჯესის, იმედი მაქვს რომ ნახავს ამ ვიდეოს. ასეთ გამოხმაურებას ველოდი თუ არა, პასუხი არის – არ ვიცი, იმიტომ რომ თან კი, თან არა და ძალიან მიხარია რომ ასე აიტაცეს და მოიწონეს ეს ვიდეო.

– რამდენად რეალურია პატარა საქართველოდან ჩასული მომღერლისთვის ამერიკაში თავის კარიერის აწყობა?

– საკმაოდ რეალურია. ეს ქვეყანა გაძლევს გასაქანს და გზას მწვერვალამდე, თუ გაქვს ნიჭი, თუ იშრომებ და არ დაზოგავ ენერგიას, ეს ყველაფერი სურვილზე და მიზანდასახულობაზეა დამოკიდებული და, რა თქმა უნდა, სწორ დროს და სწორ ადგილას უნდა მოხვდე.

– სალომე საქართველოში როდის ჩამოხვალთ?

– ალბათ ერთ წელში. პირველი ნაბიჯის გადადგმას რომ დავასრულებ, ჩამოვალ რომ დაწყნარებულად ვიგრძნო თავი, რომ რაღაც მანც გავაკეთე კარიერისთვის, თუნდაც ბაზა შევამზადო ისე, როგორც მე მაქვს წარმოდგენლი და მქონდეს საამაყო, რომ მცირედი მაინც გავაკეთე სხვა ქვეყანაში, თანაც ამხელა ქვეყანაში.