Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რეზო ჩხიკვიშვილი ექვთიმე თაყაიშვილის როლს შეასრულებს

17 ივლისი, 2015

1nikoloz-xomasuridze”დიდგორი”, ”დავიწყებული მეფე”, ”ქართველ მეომართა ცეკვა”, ”მე მხოლოდ გზავნილი ვარ”, ”მამაჩემის გელფრენდი” – ეს ის ფილმებია, რომელიც რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ გადაიღო. ამჯერად ის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის განხორციელებას იწყებს. ” ექვთიმე” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც წმინდა ექვთიმე აღმსარებელს მიეძღვნება და მასში მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი შეასრულებს.

ნიკოლოზ ხომასურიძე:

– დიდი ხანი ვემზადებოდი ამ ფილმისთვის და შეიძლება ითქვას, რომ ექვთიმე თაყაიშვილზე ფილმის გადაღება ჩემთვის პირადი ცხოვრებისეული მისიაა, ვიდრე რაიმე გრადიოზული პროექტი. ექვთიმე ისეთი ადამიანი იყო, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი მაგალითია ადამიანობის, სამშობლოსა და მისი ისტორიის უანგარო სიყვარულისა და თავგანწირვის, ყველაზე დიდ ცდუნებაზე ამაღლების, რასაც ფულის დიდი სიყვარული და მომხვეჭელობა ჰქვია. რაც ყველაზე მთავარია, ექვთიმესა და ნინო პოლტორაცკაიას ჰქონდათ არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია, რომელიც მინდა რომ მაქსიმალურად კარგად გადმოვცეთ ჩვენს ფილმში. ეს ადამიანი იყო ქართველი და მსურს ამ მხატვრული ფილმით ჩვენმა და სხვა ქვეყნების საზოგადოებებმა კარგად გაიცნონ ექვთიმე თაყაიშვილი და ის ურთულესი გზა, რომელიც მან ასე ღირსეულად გაიარა და დაგვიტოვა მაგალითად. 9 წლის ვიყავი, როდესაც ვნახე ბატონ რეზო თაბუკაშვილის ძალზე კარგი დოკუმენტური ფილმი ექვთიმეზე და მას შემდეგ სულ მქონდა და დღესაც მაქვს ვალდებულების განცდა, რომ რისი გაკეთება შემიძლია ამ სრულიად უნიკალური ადამიანისთვის.

ცოტა ხნის წინ გახლდით პარიზსა და ლევილში, სადაც მოვინახულე ის ადგილები, რომლებიც ფილმის გადაღებებისთვის არის საჭირო. ვნახე ექვთიმესა და ნინოს საცხოვრებელი ოთახი ლევილში და ასევე იმ დროს იქ მყოფი სხვა ქართველების. ლევილის მამული და შენობა ულამაზესი ადგილია. ასევე დავათვალიერეთ ლევილის ქართველთა სასაფლაო, სადაც ბევრი სახელოვანი მამულიშვილი განისვენებს.

ექვთიმეს როლს ბატონი რეზო ჩხიკვიშვილი შეასრულებს. ის უკვე იყო თბილისში ჩამოსული. ჩვენ გადავიღეთ „ექვთიმე“-ს ფილმის პრომო ვიდეო ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმში და გავაცოცხლეთ ფილმის პირველი ორი სცენა, როდესაც ილია ჭავჭავაძე ექვთიმესა და ნინო პოლტორაცკაიას აცნობს ერთმანეთს, რის შემდგომაც დაიწყო კიდეც მათი ულამაზესი და ურთულესი სიყვარულის ისტორია. გადაღებამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. ბატონ რეზოსთან პირველად ვიმუშავე და ეს ნამდვილად დიდი სიამოვნება იყო. კარგად გაითავისა მან ექვთიმეს როლი და სრულად წარმოაჩინა ისეთი ექვთიმე, როგორიც ფილმის გმირად მყავს წარმოდგენილი და აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ სცენების სამსახიობო ჯგუფს: ულამაზეს ლიკა წიფურიას (ნინო პოლტორაცკაია), ნუგზარ ჩიქოვანს (ილია ჭავჭავაძე), გოგი თურქიაშვილს (დავით სარაჯიშვილი), ლაშა კანკავას (ივანე პოლტორაცკი), ანა შარვაძეს (ეკატერინე ფორაქიშვილი), თამუნა აფციაურსა (მოახლე) და ირაკლი ელიზბარაშვილს (მებაღე). ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს შემოქმედებით ჯგუფსა და საგურამოს მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს მათი მხარდაჭერისთვის.

ამ ფილმის სცენარზე მუშაობა 3 წლის წინ დავიწყე ლაშა კანკავასთან ერთად და დღეს უკვე დასრულებული ვერსია მზად არის. ფრიდონ მჭედლიძე, ლაშა ონიანი და მე ერთობლივად ვახორციელებთ ფილმის პროდიუსინგს და ვდილობთ მოვიპოვოთ საჭირო ბიუჯეტი, რათა ეს პროექტი შედგეს იმ მასშტაბითა და იმ დონეზე, როგორც ეს თავიდანვე ჩავიფიქრეთ.
ჩვენ სპეციალურ ფინანსურ კამპანიას ვიწყებთ 17 ივლისიდან. ეს კი არის ფილმის პრომო ვიდეო და პირველი ორი სცენა ფილმიდან:

– ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯეისონ ფლემინგი საქართველოში ჩამოსვლაზე ადვილად დაითანხმეთ?

– რამდენიმე დღის წინ ბრიტანელი მსახიობის ჯეისონ ფლემინგის ვიზიტი განვხაორციელეთ თბილისში. ის ჩემი მეგობარია და ჩამოვიდა „თი ბი სი ბანკი“-ს ახალი პროდუქტის სარეკლამო რგოლში გადასაღებად. ჩემი მეგობრების სარეკლამო კომპანია არის „ჰოლმსი და ვოტსონი“, რომელთაც გადაიღეს ეს რეკლამა და მათ მთხოვეს, რომ ჩამოგვეყვანა რომელიმე უცხოელი ცნობილი მსახიობი ამ კლიპში მონაწილეობისთვის. საბოლოოდ არჩევანი ჯეისონზე შევაჩერეთ და სწორედ ამ მიზეზით დავუკავშირდი მას. ისიც დამთანხმდა ჩამოსვლაზე, რამაც პირადად ძალიან გამახარა, რადგან დიდ პატივს ვცემ მას, როგორც მსახიობს, ისე პიროვნებას და მინდოდა, რომ თბილისში ჩამოსულიყო. ნადვილად კარგი იყო „თიბისი ბანკი“-ს ეს პროექტი და საკმაოდ საინტერესო ვიდეო რგოლიც გადაიღეს.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს, მონაწილეობდა და მომავალში მიიღებს მონაწილეობას ჩემს კინო, სარეკლამო და მუსიკალური ვიდეო რგოლების პროექტებში და ასევე „ამირანი“-ს კომიქსების შექმნაში. ეს უდიდესი მხარდაჭერაა ჩემთვის და ძალზე ვაფასებ და პატივს ვცემ თითოეულ მათგანს. ფილმმეიკერის ცხოვრება, ჩემი აზრით, ყველაზე რთული და რისკიანია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე საინტერესო და ლამაზი ისტორიებით სავსე. სწორედ ამიტომ ჩემი დევიზი არის – „გაბედე ოცნება და არასოდეს არ დანებდე!“

– ნიკოლოზ, ვიცით რომ ლოს ანჯელესის კინოსკოლაში ისწავლეთ.

– კი, დავამთავრე ლოს ანჯელესის კინოსკოლა და სწავლის პერიოდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კინოსკოლაში გასახსენებლად ძალიან მაგარია. საკმაოდ ვაფასებ ადამიანის განათლებას და რადგანაც გადავწყვიტე კინო რეჟისორობა, მაშინვე ჩავთვალე, რომ აუცილებელი იყო კარგი პროფესიული განათლება მიმეღო ამ სფეროში. კინოს შექმნა ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია, რომლის დროსაც ბევრ შეცდომას უშვებ. ამიტომ ვფიქრობდი მიმეღო ეს განათლება და გამოცდილება ისეთ სასწავლებელში, რომ მზად ვყოფილიყავი ამ საქმიანობისთვის. თანაც ჩემის აზრით, თუ გინდა, რომ მსოფლიო დონის რეჟისორი, პროდიუსერი ან მსახიობი გახდე, აუცილებლად უნდა გაატარო ცხოვრების რაღაც პერიოდი ლოს ანჯელესში. ეს ქალაქი სუნთაქვს კინო ინდუსტრიით და ყველა სასაუბრო თემა კინოს ეხება. ეს უდიდესი სტიმული და განცდაა ამ სფეროში დამწყები თითოეული ახალი პიროვნებისთვის. მყავდა კარგი მასწავლებლები და არაჩვეულებრივი კლასელები, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. თითქმის ყოველ კვირას ახალი დიდი ფილმის პრემიერა იმართება ლოს ანჯელესში, რომელზეც შეგიძლია მიხვიდე და ნახო ეს ულამაზესი სანახაობა და ვარსკვლავთცვენა. ეს კი გაძლევს იმ განცდას, რომ თუ მაგრად მოინდომებ, იბრძოლებ და არ დანებდები შენს ოცნებას, შესაძლებელია ერთ დღეს შენი დიდი ფილმის პრემიერაც მოხდეს ასეთ ვითარებაში.

– რა შეცვალა თქვენში ამერიკაში ყოფნის პერიოდმა?

– ძალზე ბევრი რამ შეცვალა ჩემმა იქ ყოფნამ. პირველ რიგში, ცხოვრებასთან ბრძოლა მასწავლა და ასევე აღვნიშნავდი ნებისყოფის, რთულ პირობებში გაძლების, საკუთარი თავის რწმენისა და თვითდაჯერებულობის დონის ამაღლებას. ამჟამადაც რამდენიმე თვე მიხდება ყოფნა ლოს ანჯელესში, ნიუ იორკსა და ლას ვეგასში. მაქვს საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, ვესწრები ფესტივალებს, პრემიერებს, შოუებს და ვცდილობ განვავითარო ჩემი თავი და წარმოვაჩინოთ ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებები, რომლებზეც ჩვენი ჯგუფი მუშაობს – კინო, ცეკვა და მითოლოგიური კომიქსები.

– გვიამბეთ თქვენს პროექტებზე, რომლებიც ამ პერიოდში გაქვთ განხორციელებული.

– რამდენიმე პროექტში მივიღე მონაწილეობა და კარგი გამოცდილებაც შევიძინე. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო სრულმეტრაჟიანი ფილმი „ჰოლივუდის თოლია“, რომელიც მალიბუში გადავიღეთ და პროექტის ავტორებმა ამ ფილმის ლაინ პროდიუსერობა შემომთავაზეს პირდაპირ კინოსკოლის დამთავრების შემდეგ, რაც უდიდესი საპასუხისმგებლო პოზიციაა კინოწარმოებაში. თუმცა ჩემი საოცნებო პროექტები, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ ლოს ანჯელესში ჯერ კიდევ წინ არის.

– როგორი იყო თქვენი პირველი ფილმის გადაღებები.

– 2008 წლის აპრილი/მაისში გადავიღე ჩემი პირველი ფილმი და ეს გახლდათ „დიდგორი: თავგანწირულ რაინდთა სამშობლო“, რომელიც იყო ჩემი სადიპლომო სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი ლოს ანჯელესის კინოსკოლისთვის და რომელიც ჩემს ქართველ და უცხოელ მეგობრებთან ერთად გადავიღეთ თბილისსა და ლოს ანჯელესში. 30 წუთიანი მასშტაბური სტუდენტური ფილმი გამოვიდა და შემდეგ კინოსკოლამ გადაწყვიტა, რომ ცალკე ჩვენება მოეწყოთ „დიდგორი“-სთვის, რამაც ძალზე გამახარა. მოვიწვიეთ სტუმრები და საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა ჩვენებამ, რის შემდგომაც ერთი კვირის განმავლობაში 2 საქმიანი შემოთავზება მივიღე სხვა პროექტებზე სამუშაოდ.

– მსახიობების შერჩევისას პირადი ნაცნობობა გირჩევნიათ თუ შესარჩევი ტურები?

– თითქმის ყველა როლისთვის ვატარებ ქასთინგს. თუმცა, თუ უკვე ვიცნობ მსახიობს და მასთან რომელიმე პროქტზე ვარ ნამუშევარი და ვიცი მისი შესაძლებლობები, შეიძლება პირდაპირ შევთავაზო რომელიმე როლი. მაგრამ ძალიან მომწონს ქასთინგის პროცესი და აუცილებლად ვატარებ ხოლმე, რადგან თვითონაც ბევრს ვსწავლობ ამ დროს უცნობი თუ ნაცნობი მსახიობებისგან და ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა სცენარში გარკვეული ცვლილებები სწორედ ქასთინგების შემდეგ შემიტანია. და ასევე საინტეერსოა ამ დროს მსახიობებეთან მუშაობა და მათი ინტერპრეტაციების მოსმენა და ყურება სხვადასხვა გმირების განსახიერების დროს.

– თქვენს მიერ დავით აღმაშენებლის როლში გუჯა ბურდულის გადაღებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ბევრმა თქვენი გადაწყვეტილება არ მოიწონა. ელოდით ასეთ შეფასებებს?

– რეჟისორების ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს ჩემი სტუდენტური ფილმი იყო და მაგ დროს ასეთი არჩევანი გავაკეთე და ვფიქრობ საკმაოდ სწორიც, რადგან ბატონმა გუჯამ ნამდვილად გამოავლინა მისი მეომრული და გულწრფელი თვისებები, რის გამოც გავაკეთე მასზე არჩევანი. დავით აღმაშენებელი ჩემთვის ყველაზე დიდი მეფე, მეომარი და პიროვნებაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ასევე არის დიდგორის ბრძოლაც. თუმცა, არავინ არ იცის როგორ გამოიყურებოდა დავით მეფე დიდგორის ბრძოლის დროს და, ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბევრს უყვარს დაუსაბუთებლად კრიტიკული გამოსვლები და მხარდაჭერის ნაცვლად ურჩევნიათ გაგაქილიკონ საქმის კეთების მაგიერ. გუჯა ბურდული ჩემთვის ეროვნულობის, პატრიოტიზმის და ვაჟკაცობის ერთ-ერთი სიმბოლოა და თავიდანვე სწორედ ის მინდოდა დავითის როლისთვის ჩემს სადიპლომო ფილმში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ ასე უანგაროდ და მთელი გულით დამიდგა გვერდით ამ პროექტის დროს. როდესაც მოვა დრო და დიდგორზე დიდ ბიუჯეტიან ფილმს გადავიღებთ, ის ინგლისურენოვანი იქნება და მასში დავით აღმაშენებლის როლს რომელიმე ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი შეასრულებს, თუმცა ბატონ გუჯას აუცილებლად ექნება გამორჩეული როლი იმ პროექტშიც.

– ფილმი ”დავიწყებული მეფე” რეკორდსმენი გახდა უწყვეტი კადრით გადაღებულ ფილმებს შორის. როგორ გაჩნდა ამ ფილმის შექმნის იდეა და რატომ მაინცდამაინც დემნა უფლისწული?

– ლოს ანჯელესის კინოსკოლაში სწავლისას დავალებების შესრულებისას აუცილებლად უნდა გადაგვეღო ისინი ერთ უწყვეტ კადრში. თავიდან 40 წამით დავიწყეთ და 5 თვის შემდეგ 6 წუთზე ავედით, რაც საკამოდ რთული გადასაღები აღმოჩნდა. სწორედ იმ დროს გამიჩნდა იდეა, რომ ფილმი გადამეღო ერთ უწყვეთ კადრში და ნაბიჯ-ნაბიჯ შევასრულე ეს იდეა ჩვენს ჯგუფთან ერთად. დავიწყებული მეფე 2010 წლის 29 ოქტომბერს გადავიღეთ ზუსტად 105 წუთში ერთ უწყვეტი დუბლით ანუ დავიწყეთ და დავამთავრეთ და ის 15 წუთით მეტი იყო ვიდრე ფილმი „რუსული კიდობანი“ (90 წუთი). ეს პირადად ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი პროექტი იყო, რომელიც ჩემს მეგობარ გიორგი ქავთარაძესთან ერთად განვახორციელე და საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან. მაგრამ მიყვარს რისკი და თუ კარგად დაგეგმავ, ის ყოველთვის გაამართლებს. ეს იყო ყველაზე დიდი სწავლება პირადად ჩემთვის, თუ როგორ უნდა გააკეთო ფილმის მენეჯმენტი და მას შემდეგ ეს ცოდნა და რწმენა მეხმარება სხვა პროექტებზეც. ფილმი სცენარი ეხება ვეფხისტყაოსნის იდუმალებასა და დემნა უფლისწულს, რომელიც 1178 წელს გიორგი III-ემ მისმა ბიძამ დაატუსაღა, შემდეგ თვალები დათხარა და დაასაჭურისა იმ მოტივით, რომ დემნას საქართველოს სამეფო ტახტზე მისი კანონიერი უფლებები აღარ მოეთხოვა. ეს კონკრეტული ფაქტი საქართველოს ისტორიიდან ჩემში ყოველთვის დიდ ინტეერსს იწვევდა და მსურდა მეტი გამეგო, მაგრამ არანაირი სხვა ჩანაწერი არ არსებობს ამ მოკლე ჩანაწერის გარდა. ჩემში ასევე ძალზე დიდ პროტესტს იწვევს ის, რომ ერს ისეთი საგანძური გვაქვს, რომელსაც „ვეფხისტყაოანი“ ჰქვია და დღემდე ვერ დაგვიდგენია ვინ იყო მისი ავტორი და მხოლოდ ვარაუდებით შეგვიძლია მოვიხსენიოთ ის. სწორედ ეს ორი ისტორია გადავკვეთე ფილმში, რადგანაც ერთ პერიოდში ხდებოდა ორივე მოვლენა და ჩემი აზრით ნამდვილად არის შესაძლებელი, რომ დემნა უფლისწული ყოფილიყო „ვეფხისტყაოსანი“-ს ავტორი. ეს რა თქმა უნდა ვარაუდია, თუმცა ჩემი შეხედულება მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. „დავიწყებული მეფე“ გადაღებულია ერთ უწყვეტ კადრად, თუმცა მომავალში ვფიქრობ მის ჩვეულებრივად გადაღებასაც.

– კიდევ ერთი გახმაურებული ანონსი აღმოჩნდა თვითმფრინავის ბიჭების ისტორიაზე ფილმის გადაღება. რა ეტაპზეა ეს ჩანაფიქრი?

– „ჯინსების თაობა“ ეს ის პროექტია, რომელზეც 3 წელი (2011-14) დღე და ღამე ვიმუშავეთ ჩემს მეგობარ და ფილმის პროდიუსერ გიორგი ქავთარაძესთან ერთად და ჩემი დიდი ტკივილია, რომ ასეთი მსოფლიო მასშტაბის ისტორიით, უმაღლესი დონის კინო ვარსკვლავებით სავსე და უდიდესი საერთაშორისო პოტენციალის პროექტით არც ერთი ქართული კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურა არ დაინტერესდა მიუხედავად მათგან წინასწარი შეთანხმებებისა და დაპირებების მიღებისა. ამდენი დროის, შრომისა და ჩვენს მიერ განხორციელებული პირადი ინვესტიცების შემდეგ ის დროებით გაჩერებულია. უკვე ერთი წელია გამოვედი ამ პროექტიდან, რადგან ჩემთვის აუცილებელი იყო პრაქტიკული საქმიანობა პროფესიული განვითრებისთვის და ახლა გიორგი აგრძელებს ამ საქმეს. იმედი მაქვს, რომ მალე აუცილებლად განხორციელდება ეს პროექტი.

– ფილმი ”მამაჩემის გელფრენდი” ალბათ თქვენს კარიერაში ერთადერთი ფილმია, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია თქვენი სხვა ფილმებისგან. კიდევ გადაიღებდით ასეთი ტიპის ფილმს? და რა შეგმატათ მასზე მუშაობამ?

– ეს ფილმი გადავიღეთ 2010 წლის ზაფხულში და ის საკმაოდ განსხვავებულია ჩემი სხვა პროექტებისგან, თუმცა ეს არ ყოფილა ჩემი იდეა ან სცენარი, ის ნიკა ავალიანს ეკუთვნოდა, რომელიც ამ ფილმის პროდიუსერი იყო. მაინტერესებს ასეთი ჟანრი – შავი იუმორი და იმ ცხოვრებისეული ურთიერთობებისა და თემების წარმოჩენა, რომელიც პირადად არ მომწონს. ამ ფილმის მხოლოდ რეჟისორი ვიყავი და გადავიღე. თავიდან პროექტი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, თუმცა შემდგომ გარკვეული შეფერხებების გამო ისე ვერ განვითარდა, როგორც დასაწყისში იყო ჩაფიქრებული და საბოლოოდ ფილმის დამონტაჟების პროცესშიც აღარ მიმიღია მონაწილეობა. ამიტომ ჩემთვის ისეთი არ გამოვიდა ფილმის საბოლოო სახე, როგორიც გადაღებების დროს იყო დაგეგმილი. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ ფილმი სახალისო საყურებელია საკმაოდ საინტერესო დიალოგებითა და სცენებით და ჩემთვის ამ ფილმზე მუშაობა კარგი გამოცდილება იყო სამომავლო პროექტებისა და შემოქმედებითი ჯგუფის შერჩევის გზაზე.

– ამბობენ, რომ დავით ქაცარავა თქვენი ე.წ. ”ლუბიმჩიკი” მსახიობია. ეს სიმართლეა?

– დავით ქაცარავა ჩემი ბავშვობის მეგობარია და მას ძალიან დიდ პატივს ვცემ პირველ რიგში როგორც ქართველს, მეგობარს, პიროვნებას და ჯომარდელს. პირველად ის დიდგორის ერთ ეპიზოდში გადავიღე ქართველი მეომრის როლში. ეს მისი სტილია და საკმაოდ კარგად ჩაჯდა. შემდეგ, როდესაც ჩამოვედი ლოს ანჯელესიდან, მასაც უნდოდა მსახიობის პროფესიის მოსინჯვა და მეც მიყვარს ექპერიმენტები, ამიტომ შედგა ჩვენი ტანდემი და ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოდაც. რამდენიმე კინო, პრომო და სარეკლამო პროექტზე ვიმუშავეთ ერთად, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი და დასახვეწი ჩვენს პროფესიებში. ამიტომ რაც შეიძლება მეტი პროექტი უნდა განვახორციელოთ, რომ საკუთარ თავზე ვიმუშაოთ. დათოს ჟანრი უფრო საბრძოლო და ისტორიულია და ამიტომ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ მასთან, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

– საერთოდ მსახიობების ამოჩემება იცით?

– არა, ამოჩემება არ ვიცი. პირიქით საინტერესოა რაც შეიძლება მეტ და გამოცდილ მსახიობთან გქონდეს ურთიერთობა, რადგან ეს თავად რეჟისორისთვისაც დიდი სკოლაა და მეტ გამოცდილებას მატებს მას. თუმცა როგორც აღვნიშნე, თუ ვიცი უკვე რომელიმე მსახიობის შესაძლებლობა, მასთან კვლავ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ, რადგან ნებისმიერი ფილმის, ვიდეოს ან პროექტის განხორციელება კიდევ ერთი თავგადასავალია და მსიამოვნებს ჩემს მეგობრებთან ერთად ამ პროცესში ყოფნა.

– ამირანის კომიქსის შექმნის იდეა რატომ გაგიჩნდათ და გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი?

– ძალზე მიყვარს ჩემი ქვეყნის მითოლოგია, ლეგენდები და ისტორია. საქართველო არის გამორჩეული და უნიკალური ქვეყანა, რომელსაც აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰქონდეს 5000 წლის მითოლოგია და უამრავი სხვადასხვა გმირისაგან შემდგარი უსასრულო ხეივანი, რომლის წარმოჩენაც, სამწუხაროდ, ძალზედ მცირე მასშტაბით ხდება. ამიტომ ვიფიქრე, რომ ამირანი ის გმირია, ვისგანაც უნდა დავიწყოთ ჩვენ ამ მიმართულების განვითარება და დავადექით ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზას. „ამირანი“-ს ლეგენდის გრაფიკული ნოველა და კომიქსი საკმაოდ საინტერესო სამუშაო პროცესია. ეს პროექტი ჩემს დიდი ხნის მეგობარ ფრიდონ მჭედლიძესთან ერთად დავიწყე და ჯერ განვითარების გზაზეა. ერთი წიგნი გამოვეცით და 2 კიდევ უნდა გამოვცეთ. სცენარში მე და ლაშა კანკავამ ჩვენი მითოლიგიის გმირებთან ერთად გავაერთიანეთ ქართული ლეგენდებისა და ცნობილი ზღაპრების გმირები და ისტორია თანამედროვე და წარსულ დროში ვითარდება. მთავარი მხატვარი იკო ცაბაძეა, რომლის ხელით შესრულებულ ნახატებს ილია სარხოსიდი გრაფიკულად აცოცხლებს და ამზადებს დასაბეჭდად. მინდა ასევე მადლობა ვუთხრა ჩემს მეგობრებს გიორგი ჩლაიძესა და კოტე გელაშვილს, რომლებიც კომიქსის გამოცემაში ჩაერთნენ და დღეს ყველას შეუძლია „ამირანი“-ს პირველი ქართული გრაფიკული ნოველა და კომიქსი შეიძინოს საქართველოს ყველა ქალაქში. 2014 წლის ოქტომბერში ვიყავით ნიუ იორკის კომიკ კონზე, სადაც ჩვენი სტენდი ავიღეთ და პირველად წარმოვადგინეთ საქართველო ამ უდიდეს კომიქსების ფესტივალზე, რამაც საკამოდ დიდი გამოცდილება, კონტაქტები და მოტივაცია შეგვძინა. ამ ეტაპზე, მალე გამოდის ამირანის კომიქსის მესამე ნომერი, ვმუშაობთ ახალი ეპიზოდების ნახატებზე და ასევე ვამზადებთ ტვ სერიალის 8 სერიან პროექტს ქართველი და უცხოელი ცნობილი მსახიობების მონაწილეობით, რომლის შეთავაზებასაც დაახლოებით ერთ თვეში ვაპირებთ ერთ-ერთი ტელე არხისთვის. ზუსტად 2 კვირაში კი თბილისში საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო აქცია ჩატარდება ამირანთან დაკავშირებით.

– საქართველოს მთავრობა აქტიურად მსჯელობს, რომ საქართველო კინოგადაღებების ცენტრი გახდეს. აქვს რეალურად ჩვენს ქვეყანას ამის პოტენციალი?

– ძალიან კარგია თუ ასეთი მსჯელობა მიდის და მონდომება არსებობს. დღევანდელი მსოფლიო კინოს დიდი მასშტაბებიდან გამომდინარე, საქართველო ფიზიკურად ვერ გახდება კინოგადაღებების ცენტრი, თუმცა ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს გამორჩეული ადგილმდებარეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი ზონები, რომლებიც განაპირობებენ საკმაოდ დიდ პოტენციალს ნებისმიერი დონის და მასშტაბის კინოპროექტისთვის განსაკუთრებით კი ისტორიული და ფანტასტიკის ჟანრისთვის. კინოს წარმოების განვითარება ქვეყანაში ყველა საქმიანობის დარგის განვითარებას ნიშნავს. ამისათვის კი საჭიროა სწორი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, საგადასახადო შეღავათები, ქართველი რეჟისორებისა და პროდიუსერების მხარდაჭერა, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინტერესო პროექტების განხორციელება, მსოფლიო დონის კინოსკოლის დაარსება და ინვესტიციების განხორციელება ამ სფეროში, რათა ინფრასტრუქტურა განვითარდეს. თუ ეს მომენტები არ იქნება გათვალისწინებული, მაშინ ეს მსჯელობა უბრალოდ კარგ იდეად დარჩება, როგორც ეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობს.

– დღეს ქართული ფილმები სხვადასხვა კინოფესტივალებზე იმარჯვებენ. დაუდგა აღმავლობის ხანა ქართულ კინოს?

– ეს ძალზე სასიხარულოა, რომ ქართული ფილმები წარმატებას აღწევენ სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე და მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს ნებისმიერი წარმატება. ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება ჩემთვის პირადად ზაზა ურუშაძის ფილმის „მანდარინები“-ს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებში მოხვედრა იყო. ჩემის აზრით, ეს მოვლენა ბევრად უკეთესად უნდა გამოეყენებინა ჩვენს ქვეყანას და დიდი სტიმული და მუხტი უნდა ყოფილიყო კინოს წარმოების შემდგომი განვითარების ხელშეწყობისთვის.

– როგორია ნიკოლოზ ხომასურიძის თვალით დანახული 21-ე საუკუნის ქართული კინო?

– ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად გვყავს საკმაოდ ნიჭიერი, მიზადანსახული, შრომისმოყვარე და საქმის შემსრულებელი თაობა დღევანდელ ქართულ კინოში, რომელსაც თუნდაც მცირე მხარდაჭერის პირობებშიც კარგი ფილმების შექმნა შეუძლია. სახელმწიფომ და ბიზნესმა აუცილებლად უნდა გადადგან მათკენ ნაბიჯი. კარგი ფილმი ყველაზე დიდი რეკლამაა ჩვენისთანა ქვეყნისთვის და რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის ფილმის გადაღება უნდა მოხდეს ყოველწლიურად, რომ ეს დარგი განვითარდეს და დაეხმაროს საქართველოს პოპულარიზიციას მსოფლიოში.

– იქნებ ისიც უთხრათ მკითხველს რატომ გაგიჩნდათ იდეა ჯორჯია საქართველოთი ჩაგენაცვლებინათ?

– ეს ისტორია ზუსტად ასე დაიწყო… 2 წლის წინ თბილისში ჩამოყვანილი მყავდა ცნობილი მსახიობი ვინი ჯონსი, რომელიც ბანკ კონსტანტას ერთ-ერთი პროდუქტის „ინბოქსი“-ს სარეკლამო კამპანიაში ღებულობდა მონაწილეობას. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ უკვე ლოს ანჯელესში ვიყავით მეც და ვინიც და წვეულებაზე დამპატიჟა თავის სახლში. იქ საკმაოდ ბევრი ცნობილი სტუმარი ჰყავდა მოწვეული და ყველას ვისაც მაცნობდა აღტაცებით უყვებოდა მისი თბილისური ვიზიტის დეტალებს და რომ ჯორჯია მაგარი ქვეყანაა და ჯორჯიელები კარგი ხალხი ვართ. მეც როგორც კარგი ჯორჯიელი, ისე წარმადგინა ყველასთან, თან ბევრ ადამიანთან, ამიტომ ეს სახელი საკმაოდ ბევრჯერ ჩამესმა იმ დღეს და დღის ბოლოს ჩემდა უნებურად გავაცნობიერე, რომ მე არ ვარ ჯორჯიელი და ჩემს სამშობლოს არ ჰქვია ჯორჯია. ეს ის შერქმეული სახელია, რომელიც არასდროს მომწონდა, უბრალოდ ისეთ ყურადღებას არ ვაქცევდი. და აი თებერვლის იმ შაბათ საღამოს გამიჩნდა ეს პროტესტის გრძნობა და ვუთხარი ჩემს თავს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც მომიწევს ყოფნა, ნებისმიერ უცხოელთან მე ვიქნები მხოლოდ ქართველი საქართველოდან. ძალიან მინდა, რომ საქართველოს ჩვენი საზღვრების გარეთაც საქართველო ერქვას და ჩვენ ვამბობდეთ – მე ვარ ქართველი საქართველოდან და არა მე ვარ ჯორჯიელი, ჯორჯიადან და მერე არ ვიწყებდეთ იმის ახსნას, რომ ეს ამერიკის ჯორჯია არ არის და ევროპაშია ეს ჯორჯია, ბოლოს ბევრი ახსნის შემდეგ კითხვაზე ჯორჯია რაშა, ისევ ახლიდან ისტორია უნდა მოვყვეთ, ჩვენი და რუსეთის 200 წლიან საომარ ურთიერთობებზე. მსგავს სიტუაციაში ალბათ ყველა ქართველი აღმოჩენილა, ვინც საქართველოს საზღვრებს გარეთ არის ნამყოფი. ამიტომ უკვე 2 წელია ჩემი ლექსიკონიდან ამოვიღე სიტყვა ჯორჯია და მხოლოდ საქართველოთი ვეცნობი ნებისმიერ უცხოელს და ასევე ჩემს ნებისმიერ პროექტს ინგლისურად ან რუსულად მხოლოდ ქართველი და საქართველო აწერია. მე ვფიქრობ ადრე თუ გვიან ამ აზრს კიდევ ბევრი გაიზიარებს და ჩვენ მოგვეცემა იმის ბედნიერება რომ ყველასათვის ვიყოთ ქართველები და არა ჯორჯიელები, გრუზინები ან გურჯისტანელები…

– და ბოლოს, რომელია თქვენთვის ყველაზე საუკეთესო ვიდეო, რაც კი გადაგიღიათ?

– მიმაჩნია, რომ „ქართველ მეომართა ცეკვა“ და „მე მხოლოდ გზავნილი ვარ“ დღეს ჩემს მიერ გადაღებული საუკეთესო ვიდეოებია და თან ძალზე მცირე ბიუჯეტებით:

ქართველ მეომართა ცეკვა

 

მე მხოლოდ გზავნილი ვარ