6 ივლისი, 2015

,,ქართული გალობა” საუკეთესოებს დააჯილდოვებს

1qartuli-galobaფონდი „ქართული გალობა“ საუკეთესოებს დააჯილდოვებს. 9 ივლისს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სფეროში ღვაწლმოსილი ადამიანები გამოვლინდებიან.

„ქართული გალობის“ ყოველწლიური კონცერტი-დაჯილდოვება „ქართული სიმღერა – კაცობრიობის საგანძური“ მესამედ ჩატარდება. ფონდი ქართული კულტურის – ხალხური სიმღერის, მრავალხმიანი გალობისა და ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ ადამიანებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს.

რუსთაველის თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლი, სამების საკათედროტაძრისა და ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდები, ანსამბლი „დიდგორი“, ანსამბლი „ბასიანი“. ამ დღეს ფონდი გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგი ნომინაციების მიხედვით: საუკუნის ანსამბლი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, ღვაწლმოსილი ლოტბარი, ქართული გალობის მოამაგენი და ახალი თაობა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ფოტომასალის გამოფენა. კონცერტიდან შემოსული თანხა კი გადაირიცხება სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

ფონდი “ქართული გალობა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა დააფუძნა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ტრადიციული გალობისა და სიმღერის პოპულარიზაციას. ფონდის საქმიანობის მიზანია ქართული სიმღერა–გალობისა და ხალხური შემოქმედების განვითარებისთვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში დ ამის ფარგლებს გარეთ, რისთვისაც წლების მანძილზე არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთებულა.