16 ივლისი, 2015

ნინო ანანიაშვილი ,,გორდას’’ აღადგენს

1ananiashviliქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი დავით თორაძის ბალეტს “გორდა აღადგენს. რეპეტიციები უკვე დაწყებულია. საბალეტო დასმა შვებულებაში გასვლამდე სეზონის ბოლო რეპეტიცია ჩაატარა. “გორდა” იქნება პირველი პრემიერა, რომელსაც ქართველი მოცეკვავეები ახალ თეატრში შესთავაზებენ მაყურებელს.

ბალეტ “გორდას” აღდგენის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გახდა. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი „გორდა“ ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. სპექტაკლში მთავარ როლს ლეგენდური მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. „გორდა“ ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი თეატრის რეპერტუარში. ის ბოლოს 1996 წელს აღადგინა ზურაბ კიკალეიშვილმა.ამჯერად, „გორდას“ აღდგენა თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის ინიციატივაა და მას თვითონვე უხელმძღვანელებს.

„გორდას“ პრემიერა 2014 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა და მისი პრემიერა შემოდგომაზე ახლადგახსნილ ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება.