31 ივლისი, 2015

ნიკა ნიკვაშვილის კიდევ ერთი წარმატება

1nika-nikvashviliქართველი პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი წარმატებით აგრძელებს თავის კარიერას. ბიძინა კვერნაძის სტუდენტი 5 წელია მოსკოვში ცხოვრობს, სადაც სურდა სწავლის გაგრძელება, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა.

პიანისტი ამბობს, რომ ამაზე სულაც არ დარდობს, რადგან მას შანსი მიეცა ევროპული განათლება მიეღო და პარიზის კონსერვატორიის სტუდენტიც გახდა.

ნიკა ნიკვაშვილი:

– როდესაც დავამთავრე თბილისის კონსერვატორია, მას შემდეგ მაქვს სურვილი სწავლა განვაგრძო მაგისტრატურაში. ბოლო 5 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი, სადაც მსურდა სწავლის გაგრძელება, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ეს ვერ მოხერხდა. ამჟამად ვფიქრობ, რომ კარგიც არის, რადგან ყოველთვის მინდოდა ევროპული განათლების მიღება და საბედნიეროდ, ამის შანსი მომეცა.

– ვინ გირჩიათ პარიზის კონსერვატორიაში ჩაბარება?

– რომ არ ყოფილიკო ჩემი მეგობარი ჯაბა ქარსელაძე და ასევე ელგა ფორჩხიძე, ნონა ჯავახიძე და მაია გოქსაძე, ალბათ ეს არ განხორციელდებოდა. ძალიან დიდი გვერდში დგომა და დახმარება გამიწიეს ამ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ამჟამად პარიზში და რომ არა ეს მხარდაჭერა, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

– მხოლოდ თქვენ ხართ ქართველი, ვინც პარიზის კონსერვატორიაში ჩაირიცხა, თუ სხვასაც გაუმართლა?

– სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია.

– რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ პარიზის კონსერვატორიის სტუდენტი პატარა საქართველოდან?

– ეს უბრალოდ პასუხისმგებლობაა. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ. სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, შენ ხარ შენი ქვეყნის სახე და წარმომადგენელი, რაც მთავარია ღირსეულად უნდა წარადგინო შენი თავი და შენი ქვეყანა. შენი ქმედებით პატივისცემა და სიყვარული უნდა დაიმსახურო. კიდევ ერთხელ უნდა დააფასონ და პატივი სცენ შენს ქვეყანას და მის კულტურას.