8 ივლისი, 2015

მომღერლების პროტესტი – რა მოხდა გურჯაანის კულტურის ცენტრში?

1beka-xalataგურჯაანის კულტურის ცენტრში ეკლესიის მშენელობასთან დაკავშირებით საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. ღონისძიებას ტელემარათონის სახე ჰქონდა და ის გურჯაანის ტელევიზიით პირადპირ ეთერში გადაიცემოდა.

ტელემარათონში ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ, მათი ნაწილი თბილისიდან იყო ჩასული. როგორც კონცერტში მონაწილე ხელოვანები აცხადებენ, ისინი უკმაყოფილოები არიან და ცენტრის ხელმძღვანელობას უყურადღებობასა და არასათანადო დახვედრაში ადანაშაულებენ.

ტელემარათონში მონაწილე მომღერალი ანი სირაძე გურჯაანის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მომღერლებს ელემენტარული პირობები არ დახვდათ. მათ ჩაუკეტეს მოსასვენებელი ოთახი, მოწყურებულებმა წყალი ვერ დალიეს, დაღლილებს სკამებიც არ დაახვედრეს და საპირფარეშოში შესვლაც სანატრელი გაუხდათ.

გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორი ეთერ ლოლაძე ირწმუნება, რომ მომღერლებისთვის კარი არავის ჩაუკეტავს, პირიქით, მისი კაბინეტის კარი მანამდე იყო ღია, სანამ ბოლო სტუმარი არ გააცილა. რაც შეეხება საპირფარეშოებს, ეს პრობლემა გურჯაანის კულტურის ცენტრში წლებია დგას და მხოლოდ მისი თეატრის ხელმძღვანელად მოსვლის შემდეგ დაიწყო სარემონტო სამუშაოები.

გურჯაანის კულტურის ცენტრში დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი პროდიუსერი ბექა ხალათაშვილი იყო. მან “არტინფოს” ვრცელი ინტერვიუ მისცა და მომხდართან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

ბექა ხალათაშვილი, პროდიუსერი:

– წარმოშობით გურჯაანელი ვარ. აქ ახტალის მიმდებარე ტერიტორიასთან შენდება ტაძარი. კეთილი ადამიანების ხელშეწყობით, საძირკველი მალე ჩაიყრება. ეს არის მეორე ტაძარი გურჯაანში. მის ასაშენებლად დაარსდა საქველმოქმედო ფონდი და ხალხის შემოწირულობით უნდა დასრულდეს ეს ეკლესია. სასულიერო პირებმა მთხოვეს, ჩამომეყვანა მომღერლები და საქველმოქმედო კონცერტით თანხა შეგვეგროვებინა. უარი არ მითქვამს და კონცერტი დავგეგმეთ. წლებია ამ სფეროში ვარ, საპროდიუსერო კომპანია მაქვს და მთელი საქართველო შემოვიარე კონცერტებით. მსგავსი დამოკიდებულება, რაც გურჯაანის კულტურის ცენტრში დაგვხვდა, არსად მინახავს.

– რა მოხდა?

– გურჯაანის კულტურის ცენტრს აქვს ერთადერთი გარემონტებული და კეთილმოწყობილი ოთახი, რომელიც მდებარეობს სცენასთან ახლოს. მომღერალს შეუძლია იქ მოისვენოს და თუ სურვილი ექნება, პირდაპირ ლოჟაში გადაჯდეს კონცერტის საყურებლად. ყოველთვის, როცა მომღერლები ჩამყავდა თბილისიდან, ამ ოთახში ისვენებდნენ და ემზადებოდნენ კონცერტისთვის. ეს ოთახი ერთგვარი საგრიმიოროა, კეთილმოწყობილი, წყლით, საპირფარეშოთი და ყველა იმ საჭირო დეტალით, რაც საჭიროა ადამიანისთვის. აქვე ისიც უნდა ვთქვა, რომ ეს ოთახი არავის კუთვნილება არ არის, მაგრამ კულტურის ცენტრის ყველა დირექტორს ძალიან მოსწონს და თავის კაბინეტად აქვს გადაქცეული. ამის მიუხედავად, არც ერთ დირექტორს აქამდე ეს ოთახი არ ჩაუკეტავს, სულ გვითმობდნენ და მომღერლები იქ იყვნენ. კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ. ტაძრის ასაშენებლად ვატარებდით კონცერტს და მომღერლებს ელემენტარული ოთახი არ მისცეს. შეგვიყვანეს ოთახში, სადაც სკამიც კი არ იყო, ფარდაც არ ეკიდა. ერთ-ერთ მოღერალს საპირფარეშოში შესვლა მოუნდა, პირველ სართულზე რემონტი მიმდინარეობს და იქ საპირფარეშოები დალუქულია, სხვა საპირფარეშოები არ არსებობს. როცა ასეთი მდგომარეობაა, იქ ღონისძიებები საერთოდ არ უნდა ჩატარდეს.

– არ იცოდით გურჯაანის კულტურის ცენტრში ასეთი მდგომარეობა რომ იყო?

– ნამდვილად არ ვიცოდი. დირექტორმა ოთახიც კი არ გაგვიღო. როგორც მერე გავარკვიეთ, თურმე იმიტომ მოიქცა ასე, რომ ტელემარათონის მსვლელობისას პირველი მადლობა მას არ ვუთხარით. დირექტორი ერთი თვის დანიშნულია და ასე მოგვექცა. დავატარებდი ამ მომღერალს და ვერაფერი რომ ვერ მოვახერხეთ, დირექტორს ვთხოვე, გაეღო ოთახი. გურჯაანის გამგებელს დაურეკეს და ღონისძიება მთავრდებოდა, როცა დირექტორმა ჩაკეტილი ოთახი გააღო. ეს ქალი არის თავისი საქმის არაპროფესიონალი. გურჯაანში კულტურის ცენტრი პარალიზებულია და არ ვიცი რა ეშველება. 25 წლის ვარ, 10 წლიანი გამოცდილება მაქვს და მსგავს შემთხვევასთან საქმე არასდროს მქონია. მოგვიანებით ისიც გავიგეთ, დირექტორს უთქვამს, ამ ოთახში ფული მედოო. ამით კიდევ უფრო დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა. გამოდის, ქურდები ვართ?! ვინ? მე თუ მომღერლები?

– რა თანხა შეაგროვეთ ტელემარათონით?

– 6 ათას ლარამდე თანხა შეგროვდა და ეს ნამდვილად არ არის ცოტა.