21 ივლისი, 2015

მიშა ქირია: ,,საინტერესო ეტაპზე ვარ!”

1misha-qiriaქართველი ბარიტონი მიშა ქირია მარია კალასის სპეციალური პრემიის მფლობელია. მიაჩნია, რომ 28 წლის ასაკისთვის საინტერესო ეტაპზეა და გაჩერებასაც არ აპირებს.

ამ სეზონზე ლა სკალას თეატრში როსინის ოპერაში იმღერა, თუმცა პატისტელის ოპერასთან დაკავშირებით უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

“არტინფო” საოპერო მომღერალს უცხოეთში დაუკავშირდა.

მიშა ქირია:

– კარგი სეზონი მქონდა, ლა სკალაში როსინის ოპერა ჩენერენტოლაში დონ მანიფიკოს პარტია ვიმღერე, მუსკატის საოპერო თეატრში ვერდის ფალსტაფში პისტოლას როლი განვასახიერე. მილანის ვერდის სახელობის კონსერვატორიაში სარტის გლორია შევასრულე. ასევე სხვადასხვა კონცერტები, ევროპის სხვადასხვა სცენებზე, მათ შორის, რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტი. ამჟამად ლონდონში ვიმყოფები, გლაინბორნის საოპერო ფესტივალზე, დონიცეტის ოპერა პოლიუტოში, სევეროს პარტიაზე ვმუშაობთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავ კონცერტს ლონდონში, ვფიქრობ, მსმენელს საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ.

– ლა სკალას თეატრში პატისტელის ოპერასთან დაკავშირებით უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდით. ასე ხშირად გემართებათ?

– პირველად აღმოვჩნდი ასეთ უხერხულ სიტუაციაში და ვიმედოვნებ, უკანასკნელად.

– მარია კალასის სპეციალური პრემიის მფლობელი ხართ, რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?

– „მარია კალასის სპეციალური პრემია, საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის“ დიდი სტიმული და პასუხისმგებლობაა და ვფიქრობ ეს შემართება დიდი ხანი გამყვება.

– ფაქტია, რომ საქართველოდან უცხოეთში ბევრი ხელოვანი მიდის, მაგრამ უკან დაბრუნების სურვილი თითქმის არავის აქვს. თქვენც მათ რიცხვში ხართ?

– ჩემთვის უდიდესი სიხარულია ჩემი ხალხისთვის სიმღერა, ვიმედოვნებ წინ უამრავი საინტერესო კონცერტი და სპექტაკლი გველოდება.

– რა არის მთავარი წარმატებისთვის?

– გააჩნია რას დავარქმევთ წარმატებას, ჩემთვის წარმატება მსმენელის სიყვარულია, რომელსაც დაუღალავი შრომის შედეგად ღებულობ.

– თქვენ წარმატების რა ეტაპზე ხართ?

– 28 წლის ბარიტონისთვის, ვფიქრობ საინტერესო ეტაპზე, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

– პრეტენზიულ მომღერლად ითვლებით?

– ზოგადად არ ვარ პრეტენზიული და სიმღერაშიც ასეა, შეიძლება დირიჟორს ან რეჟისორს შევედავო გარკვეულ საკითხებში, თუ კომპოზიტორის ან ლიბრეტისტის იდეის უგულვებელყოფას ცდილობენ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათდ ხდება.

– რას გაძლევთ კონკურსები და ფესტივალები?

– კონკურსები და ფესტივალები გამოცდილებაა. ასევე შეიძლება იყოს შანსი, აღმოჩნდე საჭირო დროს, საჭირო ადგილას.

– ყოფილა შემთხვევა, როცა კონკურსებში დაჩაგრულხართ?

– ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ვცდილობდი კარგად გამომეყენებინა და ვფიქრობ კარგად გავართვი თავი.

– შეიძლება თქვენი მეორე ნახეევარი ასევე საოპერო მომღერალი იყოს?

– ყველაფერი შესაძლებელია.

– რომელ საოპერო პერსონაჟს ამსგავსებთ საკუთარ თავს?

– ალბათ მარჩელოს პუჩინის ოპერა ბოჰემადან.

– რომელი კომპოზიტორის შემოქმედებაა თქვენთან ყველაზე ახლოს?

– ვერდის შემოქმედება, თუმცა დონიცეტი, როსინიც ახლოა ჩემთვის.

– თუ საიდუმლო არ არის, გვითხარით რა სპექტაკლებს იმღერებთ ახალ სეზონზე.

– ოქტომბერში ანკონაში ვიმღერებ ვერდის ფალსტაფში ფალსტაფის პარტიას, რომელიც ჩემი საოცნებო როლია და მიხარია, რომ მომიწევს ისეთ დიდ რეჟისორთან მუშაობა, როგორიც ქალბატონი ქრისტინა მუტია, რიკარდო მუტის მეუღლე.

– სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს თქვენი და გოჩა აბულაძის დუეტი, ასეთ “დუეტებს” ხშირად წერთ ხოლმე?

– ჩემი და გოჩას დუეტი მილანში, ანიტა რაჭველიშვილთან სახლში ჩავწერეთ და ძალიან სახალისო გამოვიდა.

Verdi, Germont

Posted by Misha Kiria on 15 Март 2015 г.