30 ივლისი, 2015

გიორგი კეკელიძე: ,,თანამედროვე ადამიანი აღიარების ადამიანია!’’

1giorgi-kekelidzeეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის ორი წიგნი ლიტერატურული პრემია “საბას” მოკლე ნუსხაში მოხვდა. წარდგენილი 315 წიგნიდან გასაიდუმლოებულმა ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა და გიორგი კეკელიძის წიგნები ნომინაციებში “საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” და “საუკეთესო პოეტური კრებული” აღმოჩნდა.

გიორგი კეკელიძისთვის ეს ამბავი სასიხარულოა და ამბობს, რომ ალბათ ჟიურის წევრებმა ტექსტების ხარისხი შესაბამისად მიიჩნიეს.

– პირველ რიგში გილოცავთ “საბას” მიკლე ნუსხაში მოხვედრას. 315 წიგნიდან 46 ფინალისტს შორის მოხვდა თქვენი პროზაც და პოეზიაც. რისი ნიშანია ეს თქვენთვის, როგორც შემოქმედი ადამიანისთვის?

– დიდი მადლობა. ცხადია, სასიხარულო ამბავია. პოეტური კრებული წლების ნაშრომია და ,,ოდებიდან” მოყოლებული, ვიდრე 2014 წლამდე დაწერილ ლექსებს მოიცავს. რაც შეეხება “გურულ დღიურებს”, ბავშობის მოგონებებზე დაწერილი ესეებია, რომელიც ერთ წიგნად გავაერთიანე. რაც შეეხება კითხვას, თუ რისი ნიშანია ამ წიგნების ფინალისტობა, ალბათ იმის, რომ ამ კონკრეტული ჟიურის წევრებმა ტექსტების ხარისხი შესაბამისად მიიჩნიეს.

– მკითხველთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ უჩვეულო წერის მანერა გაქვთ. რას დაარქმევდით თქვენს ხელწერას?

– ვერ გეტყვით. პოეზიაში და პროზაში ჩემი წერის მანერა ალბათ განსხვავდება. ლექსებში ძირითადად მეტაფორებს, იდიომებს და ფოლკლორულ მოტივებს ვეყრდნობი, პროზა სოციალურ პრობლემებს და ურბანულ სიუჟეტებს ძნელად გაექცევა, შესაბამისად, რაც უნდა დიდი იყოს ინერცია ლირიკიდან, მაინც სხვა მიმართულებას იძენს. პოეზიიდან პროზაში გადასვლა, ზოგადად დიდი რისკია, ტყავის გამოცვლის მცდელობას ჰგავს, რომელიც შეიძლება საერთოდ ,,უტყავოდ” დარჩენით დამთავრდეს. ვნახოთ.

– “გურული დღიურები” გაყიდვებში რეკორდსმენია. რა არის მისი წარმატების საიდუმლო?

– თუ გაყიდვებს გულისხმობთ, დიახ. ჩემი დაკვირვებით, ადამიანებს უბრალოდ მოენატრათ ე.წ. ნეიტრალური თხრობა, მარტივი კომპოზიცია და ნაცნობი, ოღონდ გამხატვრულებული. ეს ესეები ალბათ პასუხი იყო. ბუნებრივია, როლი სწორად დაგეგმილმა პიარ–კამპანიამაც ითამაშა. წიგნის რეკლამა ჩვენს დროში რთულია, ამაში ფულს არავინ ჩადებს, თუ რამე სპეციფიკური შემთხვევა არ არის. ამიტომაც სხვა ფორმების მოძებნაა საჭირო. მე მრავლმხირივი ვალდებულება მაქვს წიგნების პოპულარიზაციის კუთხით და აქ ცხადია, მხოლოდ საკუთარ შემოქმედებას არ ვგულისხმობ. ცოტა კომიკურია იმ ხალხის ქილიკი, მაგალითად, წიგნებთან გადაღებულ სელფებზე და ასე შემდეგ, როცა აკადემიურ საუბრებში სულ დაბალ ტირაჟებზე და გამოსავლის ძებნაზე წუწუნებენ. საბედნიეროდ, ასეთი ადამიანი ბევრი არ არის.

– არანაკლები პოპულარობით სარგებლობს თქვენი რომანებიც. ესეც ერთგვარი გათვლაა?

– ეს მინი–დეტექტივების სერიაა, რომელსაც პალიტრა ლ გამოსცემს ყოველთვიურად კვირის პალიტრასთან ერთად. ალუზიური ტიპის ნაწარმოებები თანამდროვე ცოტა პაროდიული, ცოტა ტრაგიკული. “გურული დღიურებისგან” მნიშვნელოვანწილად განსხვავადება, გამონაგონია, თუმცა ინერციასაც შეამჩნევთ.

– ყოველთვის გულწრფელი ხართ მკითხველის წინაშე?

– მკითხველის წინაშე გულწრფელობა საკმაოდ პირობითი რამაა. ნებისმიერი ტექსტი გულწრფელია, რასაც თავისუფალ გარემოში წერ, ძალდატანების გარეშე. არაგულწრფელი ნაწარმოები მხოლოდ შეზღუდულ გარემოში იქმნება. თუ თამაშს გულისხმობთ, ეს გულწრფელობის ნაწილია.

– წერის პროცესში თუ ფიქრობთ კომერციულ მხარეზე, თუ თქვენთვის მთავარი მხოლოდ სათქმელია?

– პროცესში არა, შეფუთვაზე მერე ვიწყებთ ფიქრს.

– ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა, როგორც მწერალს და პოეტს, ხომ არ გჩაგრავთ?

– მენეჯერულ ურთიერთობას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ეს დრო სხვადასხვაგვარ ურთიერთობას გულისხმობს, რაც ერთგვარი მასალაა ავტორისთვის.

– რა შეგმატათ ამ თანამდებობამ?

– გამოცდილება.

– ყველა შემოქმედი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია აღიარება, პრემიები, ჯილდოები… თქვენთვის რას ნიშნავს ისინი?

– აღიარებას. თანამედროვე ადამიანი აღიარების ადამიანია. ეს ყველას სჭირდება. უბრალოდ ხან ამ საჭიროების ლოკალიზაციას ახდენენ – ,,აი, ჩემთვის მთავარია რომ ამან და ამან თქვა კარგი და ხალხის აზრი არ მაინტერესებს”. ესეც ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანი კასტური არსებაცაა. მოკლედ, ბევრი ფილოსოფია რომ არ დავაძალოთ თავს, პრემია ყველას უხარია, თან თუ ფული ახლავს – მით უფრო.

– გადამწყვეტია თუ არა შემოქმედი ადამიანის წარმატებისთვის პოპულარობა, თუ მხოლოდ კარგი ტექსტების წერაც საკმარისია?

– პოპულარობას უმეტესობა მიელტვის. ჩვეულებრივი ამბავია – ჩვენ ხომ სოციუმის გარდაუვალი მოთამაშეები ვართ და რაც უფრო გავზრდით გავლენის ველს, მეტ კმაყოფილებას ვგრძნობთ. კარგი ტექსტების წერაც ამის შემადგენელი ნაწილია.

– 3 აგვისტოს თქვენი ახალი ნაწარმოები გამოდის. კიდევ რა სიახლეებს სთავაზობთ მკითხველს?

– ეს ,,მურმანის სევდაა” – ეთერიანის შორეული გათამაშება თანამედროვე თბილისში.